ირანის სპორტის ისტორიაში ერთადერთმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა
ირანის სპორტის ისტორიაში ერთადერთმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა

A+ A-

16:52 12/01/2020

ირანის სპორტის ისტორიაში ერთადერთმა ქალმა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა, განაცხადა, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით დატოვა ქვეყანა.

21 წლის კიმია ალიზადემ 2016 წელს ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტჰეკვანდოს შეჯიბრში.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან ინსტაგრამში დაწერა. „რით დავიწყო - მოსალმებით, გამომშვიდობებით თუ თანაგრძნობით?“ - ასე იწყება მისი ჩანაწერი.

ალიზადე საკუთარ თავს უწოდებს „ერთ-ერთს ირანში ჩაგრულ მილიონობით ქალს შორის“. მისი სიტყვებით, ის არ ყოფილა თავისუფალი, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ირანს წარმოადგენდა: „მუდამ უნდა გამემეორებინა ის სიტყვები, რომლებსაც მომითითებდნენ, და უნდა მცმოდა ის ტანსაცმელი, რომელსაც მიბრძანებდნენ. ჩვენ მხოლოდ ინსტრუმენტები ვართ. ფასობს მხოლოდ ჩვენი მედლები, ვინაიდან პოლიტიკური მიზნებით შეიძლება მათი გამოყენება.“

ალიზადეს თქმით, მას სურს ბედნიერად და უსაფრთხოდ იცხოვროს და ტჰეკვანდოს მისდიოს. მისი სიტყვებით, ემიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის უფრო მძიმე იყო, ვიდრე ოლიმპიადაზე გამარჯვება.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, სად იცხოვრებს ალიზადე და რომელი ქვეყნის დროშით გამოვა ასპარეზობებზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ის ნიდერლანდში ვარჯიშობს.

ალიზადეს ემიგრაციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ახლა ის თავად სპორტსმენმა დაადასტურა.