ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება
ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება

A+ A-

20:17 11/01/2020

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი იმართება, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება.

"მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს "დინამო თბილისის" სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები", - განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

მისივე თქმით, 19 იანვარს ტურნირი ნაკრებების დონეზე ბათუმში გაიმართება, რაც ქვეყნის პოლულარიზაციას ხელს შეუწყობს.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი AOK TRADITIONSMASTERS ტარდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ „დინამოა“.

„დინამოს“ ლეგენდათა შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

"დინამო თბილისის" ინფორმაციით, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში მისულ ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს ფანები დახვდნენ. კახა კალაძემ სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ‪

„დინამო თბილისსა“ და ლევერკუზენის ბაიერს შორის მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.