როდის შემუშავდება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა?
როდის შემუშავდება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა?

A+ A-

11:31 08/01/2020

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ხელოვნურ ინტელექტის პოლიტიკის რეგულირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს: 

"გუშინ მქონდა საუბარი თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის ოფისთან (OSTP). ამერიკის ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის ფარგლებში შეერთებული შტატები ახდენს ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის რეგულირებას როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. უკვე არსებობს შეთანხმება OECD ქვეყნებთან ძირითად პრინციპებზე და მისი გავრცელება მოხდება პარტნიორ ქვეყნებთანაც, მათ შორის საქართველოშიც. ამ 10 პრინციპს ქვემოთ იხილავთ, თუმცა მანამდე უნდა ვთქვა, რომ როცა მკითხეს თქვენს მთავრობას ხომ აქვს ასეთი ოფისიო, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ჯერ დავაპირე მეთქვა, რომ არა ჩვენ პეტრესა და იაკობის ომით ვარ დაკავებულითქო მაგრამ გადავიფიქრე:) იმის თქმა მსურს, რომ მსოფლიოში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელიც ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკა არ შეუმუშავებია და სტრატეგია არ აქვს მიღებული, არ ჰყავს შესაბამისი მრჩევლები და არ ახდენს კოორდინაციას უმაღლეს დონეზე..ჩვენს გარდა!! მაჩანჩალობასაც ჰო უნდა ჰქონდეს რაღაც საზღვრები ბოლოსდაბოლოს?!!

ევროსაბჭომაც კი, რომლის თავმჯდომარეობა გვაქვს მომდევნო 6 თვე, შეიმუშავა ეთიკის კოდექსი და ინტენსიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე.

თეთრი სახლის მიერ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის რეგულირების 10 პრინციპი კი ასეთია:

1. საზოგადოებრივი ნდობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ. მთავრობამ უნდა ხელი შეუწყოს ასეთი ნდობის ჩამოყალიბებას ინფორმირებისა და განათლების გზით.
2. სახალხო მონაწილეობა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს და ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკანონმდებლორეგულირების შემუშავებაში.
3. სამეცნიერო ინტეგრირებულობა და ინფორმაციის ხარისხი. პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს სამეცნიერო მიდგომებს.
4. რისკების შეფასება. სახელმწიფო უწყებებმა უნდა მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და იმოქმედონ შესაბამისად.
5. სარგებელი და ხარჯები. უწყებებმა უნდა მოახდინონ სოციალური სარგებლებისა და საბიუჯეტო ხარჯების გათვლა საკანონმდებლო რეგულირების დროს.
6. მოქნილობა. ნებისმიერი სარეგულაციო მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს სწრაფი ცვლილებებისა და მოდიფიკაციების საშუალებას.
7. სამართლიანობა და არადისკრიმინაცია. რეგულირებამ უნდა უზრუნველყოს რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იქნებიან დისკრიმინაციული.
8. გამჭვირვალობა. ნდობა სისტემების მიმართ წარმოიშობა მხოლოდ მაშინ როდესაც საზოგდოებისთვის ეს სისტემები ხილვადი და მისაწვდომია, ხოლო გამოყენება გამჭვირვალე.
9. უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა. სახელმწიფომა უწყბებემა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა დაცვა და სისტემების უსაფრთხო გამოყენება,
10. კოორდინაცია. რეგულირება უნდა იყოს იდივიდუალური სფეროების მიხედვით. "ერთი ზომა" ყველასთვის არ გამოდგება. სახელმწიფო უწყებებმა უნდა მოახდინონ კოორდინაცია", - წერს ბოძაშვილი.