ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა

A+ A-

17:38 04/01/2020

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები  ATP Cup-ის გათამაშებაში ასპარეზობს, რომელიც 3-12 იანვრის ჩათვლით იმართება, პრესტიჟულ ტურნირს კი ავსტრალია მასპინძლობს.

ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფის პირველ მატჩში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს და ტურნირის ფავორიტს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ.

პირველი მატჩი ალექსანდრე მეტრეველმა რობერტო ბაუტისტასთან გამართა და ორ სეტში, გეიმის მოუგებლად დამარცხდა – 6:0, 6:0. მსგავსი შედეგი მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო, რადგან ჩვენი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 679-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი მეცხრეზე.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება ლეგენდარულ ჩოგბურთელთან, რაფაელ ნადალთან, რომელიც დღეს მსოფლიოს პირველი ჩოგანია. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ სეტში – 6:3, 7:5 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ექვს იანვარს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.