რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების დმანისელი ფეოდალი“ კახა ოქრიაშვილი?
რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების დმანისელი ფეოდალი“ კახა ოქრიაშვილი?

A+ A-

16:56 20/12/2019

29 ჰექტარი მიწა წავკისში, ათეულობით კომპანია, წილები, 23 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, ფეშენებელური სახლები, აგარაკები, ძვირადღირებული ავტომანქანები, მილიონები... რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ ოთხგზის დეპუტატი „დმანისელი ფეოდალი“ კახა ოქრიაშვილი? 

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფარმაცევტული იმპერია „პეესპეს“ მფლობელია. სტაჟიანი დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია და მას „დმანისის ფეოდალსაც“ ეძახიან, რადგან 4-ივე ჯერზე დეპუტატის მანდატი  სწორედ დმანისიდან წამოიღო. წლების განმავლობაში მისი პოლიტიკური ფერიც იმის მიხედვით იცვლებოდა და იცვლება, რა ფერის დროშაც აფრიალდებოდა  საქართველოს ხელისუფლებაში. ოქრიაშვილი ამჯერად „დმანისის ფეოდალს“ „ქართული ოცნებიდან“ წარმოადგენს და შესაბამისად, დმანისის თავზე ახლა ლურჯი დროშა ფრიალებს, ოქრისფერი ვარსკვლავებით.

მილიონერი დეპუტატი თბილისთან ახლოს, მხოლოდ წავკისში, 28 919 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთებს ფლობს, რომლის ღირებულებაც ასეულ ათასობით დოლარია.

მისი დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ოქრიაშვილის ოჯახი ფარმაცევტულ სფეროში 18 კომპანიას ფლობს. თავის მხრივ, ეს კომპანიები კიდევ სხვა კომპანიების მფლობელები და მეწილეები არიან.

ოქრიაშვილს 23 მილიონამდე ღირებულების ფასიანი ქაღალდები აქვს, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში მას ნაღდი ფულის სახით, მილიონ 870 ათასი   ლარი ჰქონდა.

დეპუტატმა თანამდებობის პირისთვის სავალდებულო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 28 ივნისს შეავსო, რომელიც მილიონერი დეპუტატის უკიდეგანო ქონებას ასახავს.

ოქრიაშვილის დეკლარაცია 19 გვერდიანია და კახა კალაძის ასევე მრავალგვერდიანი დეკლარაციის მსგავსად, მისი მასშტაბური ქონების ჩამონათვალს მოიცავს (დიდი ალბათობით ნაწილს).

კახაბერ ოქრიაშვილი შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც დმანისელები ამბობენ, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან „დმანისის ფეოდალს“ მაჟორიტარის მანდატის მოპოვება არ გაუჭირდება, რადგან ოქრიაშვილების ოჯახი წლების განმავლობაში აკონტროლებდა და აკონტროლებს ვითარებას დმანისში - შევარდნაძის დროიდან, დღემდე.

ოქრიაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ოჯახი წავკისში, 677 კვ.მ ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც 724 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და რომლის ღირებულებაც 700 ათასი დოლარია.

ოქრიაშვილი  აღნიშნული ფეშენებელური სახლის და მიწის ნაკვეთის გარდა, წავკისსში, კიდევ 6 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელთა საერთო ფართობი დეკლარაციის მიხედვით, 28 919 კვ.მ.-ია და მისი ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარია.

ოქრიაშვილის დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი დმანისის რაიონში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების წილის მფლობელიცაა. ოქრიაშვილი დმანისის სოფელ განთიადში, 250 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ნაგებობებს ფლობს, რომლის ღირებულებაც დეკლარაციის მიხედვით, 50 ათასი დოლარია და რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს 2014 წელს შეუძენია.

ოქრიაშვილის დეკლარაციაში წერია, რომ მისი მეუღლე ლანა თოფურია თბილისში, მთაწმინდაზე, სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე 94,23 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს, რომლის ღირებულებაც 200 ათასი დოლარია.

დეპუტატის მეუღლის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართიც თბილისში, დიდუბეში, აღმაშენებლის გამზირზე #97-ში,  რომლის საერთო ფართობი 276 კვ.მ.-ია და რომელიც ოქრიაშვილებს 1999 წელს 16 163 დოლარად შეუძენიათ.

ოქრიაშვილის ავტოპარკში, დეკლარაციის მიხედით, სამი ძვირადღირებული ავტომანქანა დგას, რომელთაგან ორი დეპუტატს 2016 წელს შეუძენია. ერთ-ერთის - TOYOTA LAND CRUISER LC 200-ის ღირებულება  64 000 დოლარია,  ხოლო მეორის - TOYOTA  HILUX-ის ღირებულება 39 500 დოლარი, ხოლო მესამე BMW X5 XDRIV ოქრიაშვილს 2014 წელს 87 000  ევროდ  აქვს შეძენილი. ასევე, კახაბერ ოქრიაშვილის მფლობელობაშია იარაღი,  რომელიც  4500 ევროდ შეუძენია 2005 წელს.

კახაბერ ოქრიაშვილის დეკლარაციაში წერია, რომ  მის საკუთრებაშია სს „პსპ“ დაზღვევის 22 450 000  ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რომელიც დეპუტატს სხვადასხვა წლებში შეუძენია და მითითებული აქვს 1915, 1916 და 1917 წლები. როგორც ჩანს, მილიონერ ბიზნესმენ-დეპუტატს ან წლები აერია ან ციფრები წლების განსაზღვრებაში.

ოქრიაშვილს 1996 წელს ს/ს „ელექტრონიკა 94-ში“, 21 624 დოლარის ღირებულების ფასიანი  ქაღალდები შუძენია.

დეკლარაციის შევსების მომენტში, „დმანისის ფეოდალი“, ნაღდი ფულის სახით, 1 870 000 ლარს ფლობდა, რომელიც დივიდენდის სახით მიუღია.

კახა ოქრიაშვილი და მისი მეუღლე ლინა თოფურია 18 კომპანიაში ფლობენ 100-100%იან , 95%-იან, 50%-იან,59%-იან,37%-იან, 25%-იან და 15-იან წილებს.

ეს კოპანიებია: შპს ალფა, შპს მანდარინი, ს/ს პსპ დაზღვევა, შპს ჯისითი ინჟინერინგი,  შპს პატრიკა მედიკა, შპს მარგვეთი, შპს ჯი-ემ-პი პროდაქშენი, შპს სანიმედი, შპს პეესპე, შპს აქსამედი ქალი, შპს პსპ ფარმად მანისი, ს/ს ელექტრონიკა საბურთალო, შპს ჯეომედი, შპს ჩვენი ჯანმრთელობა, შპს სპორტს საიენს ჯორჯია, შპს ნიუ კლინიკა, შპს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი,  ს/ს ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, შპს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო, შპს წყალტუბოს სამშობიარო სახლი.

თავის მხრივ, ოქრიაშვილის და მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფი კომპანიები, სხვადასხვა კომპანიებში ფლობენ წილებს.  მაალითად ს/ს პსპ დაზღვევა შპს ნიუ კლინიკას 10%-იანი წილის მფლობელია, ასევე, ს/ს პსპ დაზღვევა ააიპ სავალდებულო დაზღვევის სრულ მენეჯმენტს ხელმძღვანელობს. შპს პატრიკა მედია კი შპს აკდემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის 33.3%-ის მფლობლია.

შპს პატრიკა მედია ფლობს ასევე, შპს წყალტუბოს და შპს წყალტბოს სამშობიარო სახლის 33-33%-ს, პატრიკა მედიას მფლობელობაშია ასევე ს/ს ქუთაისის  სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი.

შპს პსპ ფარმა ფლობს, ს/ს ქართული ლუდის კომპანიას. ასევე, შპს ფარმას 100%-იანი წილის მფლობელია შპს ნიუ ჰოსპიტალსი. ასევე, შპს ფარმა არის შპს მედკაპიტალსის 50% წილის მფლობელი,.

რაც შეეეხება შპს ჯმპ-ის, შპს ფარმასთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალური პროექტების შემუშავებაში და მედიკამენტების რეალიზებაში.

საგულისხმოა, რომ შპს პსპ ფარმა ფლობს  ააიპ ქართულ-უკრაინულ საქმიან კლუბს, რომელიც საქართველოს და უკრაინას შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებაზე მუშაობს.

კახაბერ ოქრიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრის, უფრო ზუსტად კი -  ფრაქციის თავმჯდომარეობისთვის  ხელფასის სახით მიღებული აქვს  52 500 ლარი.

ხოლო მის მეუღლე ირინა თოფურიას, რომელიც ს/ს ეგისი ფარმაცუტიკალსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორია, ხელფასის სახით გასულ წელს 83 996 ლარი მიუღია.

კახაბერ ოქრიაშვილს ჯერ კიდევ 2016 წელს 899 134 აშშ დოლარი უსესხებია თიბისი ბანკისგან. იმავე წლის დეკემბერში, იმავე ბანკიდან სესხის სახით, 400 000 აშშ დოლარი წამოუღია.

რაც შეეხება გასავალს - როგორც ჩანს „დმანისის ფეოდალი“ დიდ დროს მოგზაურობაში ატარებს. გასულ წელს მხოლოდ ავია ბილეთებზე 23 600 ლარი დაუხარჯავს, ხოლო სასტუმროს მომსახურებაზ 15 750 აშშ დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს დეპუტატს 8 800 ლარის სასმელები მიურთმევია, ქონების გადასახადის სახით კი 61 660 ლარი გადაუხდია, ხოლო ბანკის კრედიტის დასაფარად  197 920 ლარი გადაუხდია.

აღსანიშნავია, რომ კახაბერ ოქრიაშვილის დეკლარაციაში ასახულია მხოლოდ დეპუტატისა და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ქონება. დეპუტატის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი სხვა ოჯახის წევრების, მაგალითად შვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 

როგორც დმანისელები ამბობენ, კახა ოქრიაშვილის მამა, დმანისში ასეულობით ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს, ხოლო კახაბერ ოქრიაშვილის შვილის საკუთრებაშია საკმაოდ დიდი კაპიტალი, რომელიც მას მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივნისში "თავისუფლების მონიტორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატის ცოლის კომპანიას „GMP"-ს, აწარმოე საქართველოდან" 1,1 მილიონი ლარის დაფინანსება გადაეცა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლინდა თოფურიას კომპანიამ მხოლოდ 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 240 000 ლარი შესწირა.