რა მარკის ავტომანქანებში გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თითქმის 400 000 ლარი?
რა მარკის ავტომანქანებში გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თითქმის 400 000 ლარი?

A+ A-

19:19 17/12/2019

400 ათასამდე ლარის ღირებულების ავტომანქანები, 3 ბინა თბილისში, სულ ახლახანს დაბა ბაკურიანში შეძენილი ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი... ეს არასრული ჩამონათვალია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღბეჭდილი.

მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მემკვიდრე, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დიდი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე კვლავ დაბრუნდა, როგორც აღმოჩნდა სოლიდური ქონების მფლობელია.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისი ქონება საკმაოდ მდიდრულია. თავდაცვის მინისტრს ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 13 ოქტომბერს აქვს შევსებული, სადაც წერია:

არც ისე "ღარიბი“ ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი უძრავი ქონების სახით ფლობენ მიწის ნაკვეთს ბორჯომის რაიონის, დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვთ შეძენილი, რაც ეროვნული ვალუტის მოქმედი კურსის მიხედვით, 219 555 ლარს შეადგენს. მიწის ნაკვეთის ფართი 1 520 კვ.მ-ია.

ღარიბაშვილი ასევე ფლობს სამ საცხოვრებელ ბინას: გაგარინის ქუჩაზე 4/4ა-ში და ორ ბინას მოსაშვილის ქუჩის 10 ნომერში. სამივე საცხოვრებლის საერთო ღირებულება 506 000 ლარს შეადგენს.
გაგარინის ქუჩაზე ღარიბაშვილმა ბინა 2009 წელს 100 ათას ლარად შეიძინა. ბინის ფართი 121,8 კვ.მ. მან საცხოვრებელ ბინასთან ერთად ასევე 16კვ.მ ავტოფარეხი 10 ათას ლარად იყიდა.
რაც შეეხება ბინებს მოსაშვილის ქუჩის 10 ნომერში, ღარიბაშვილმა ორივე ბინა 2011 წელს შეიძინა. ერთი 170 კვ.მ - 221 ათას ლარად, ხოლო მეორე , 159კვ.მ - 185 ათას ლარად.

ამასთანავე, მოსაშვილზე ღარიბაშვილმა არასაცხოვრებელი ფართი 11 კვ. მ 6 700 ლარად შეიძინა.

ავტომობილებით "გატაცებულნი“

ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს,რომ თავდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს ბოლო ორი წლის მანძილზე, კოლოსალური თანხები აქვთ გადახდილი ავტომობილების შეძენაში.
მაგალითისთვის, 2018 წელს, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა ამავე წლის გამოშვების მსუბუქი ავტომობილი RANGE ROVE VELAR-ი 46 000 ევროდ შეიძინა, რაც 147 ათას 200 ლარია.

ხოლო თავად ირაკლი ღარიბაშვილმა, 2019 წელს, შეიძინა ამავე წლის გამოშვების AUDI A8, რომლის ღირებულებამ 75 620 ევრო შეადგინა, რაც ეროვნულ ვალუტაში 241 984 ლარია.
საერთო ჯამში, ღარიბაშვილის ოჯახმა ბოლო ორ წელში, ავტომობილებში კოლოსალური თანხა - 389 184 ლარი გადაიხადა.

"ქართუს" ერთგულნი 

როგორ მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა ,ირაკლი ღარიბაშვილი ბანკ „ქართუს“ ერთგული კლიენტია, ამიტომაც ყველა სახის მიმდინარე ანგარიშები, სესხები და საბარათე ანგარიშები, სწორედ ამ ბანკში უფიქსირდება.


ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილს მიმდინარე ანგარიშზე 40 406 ლარი და 19 თეთრი უფიქსირდება, ხოლო საბარათე ანგარიშებზე ერთობლივად, 4 526 ლარი და 74 თეთრი . ამავდროულად, ღარიბაშვილს, დანაზოგის სახით, ანგარიშზე 50 ათასი ლარი უფიქსირდება.

რაც შეეხება მისი მეუღლის ფინანსურ ანგარიშებს , ნუნუკა თამაზაშვილის სახელზე ფიქსირდება ბანკ „ქართუში“ აღებული სესხის ნაშთი 72 769 ლარი და 53 თეთრი, საკრედიტო/სასესხო ანგარიშებზე 227 778 ლარი და 66 თეთრი, ხოლო საბარათე ანგარიშზე 1 056 ლარი უფიქსირდება.

თავდაცვის მინისტრობამდე და პოლიტიკაში ხელახალ რეინკარნაციამდე, ირაკლი ღარიბაშვილი შპს „ევრო-აზიურ მენეჯმენტ ჯგუფის“ საბჭოს მრჩეველი იყო, სადაც, 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სახელფასო ანაზღაურების სახით, 169 926 ლარი და 87 თეთრი აქვს აღებული.

ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციაში აღბეჭდილია, რომ მან შვილების სწავლა განათლებაში 32 432 ლარი გადაიხადა.

ფინანსურ დოკუმენტში ასევე ღარიბაშვილს მითითებული აქვს ის თანხებიც, რაც გახარჯა სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოებში და ამ თანხამ 27 000 ლარი და 6 თეთრი შეადგინა.
ღარიბაშვილები ძვირფას ნივთებს, მაგალითად ფერწერულ ტილოებს, ან ანტიკვარებს არ ფლობენ.