“ლიბერალი“ მკითხველს ემშვიდობება
“ლიბერალი“ მკითხველს ემშვიდობება

A+ A-

16:39 12/12/2019

ძველი გუნდის წასვლიდან 5 თვეში „ლიბერალმა“  მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი თავად ავრცელებს. 

„2020NEWS” უცვლელად გთავაზობთ „ლიბერალის“ მიმართვას.

„ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინც ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა.

სირთულეების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და მუშაობა განვაგრძეთ იმ რწმენით, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა.

ეტაპობრივად შეიკრიბა რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი. ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა.

ამავდროულად, საჯარო სივრცეში ახალი და ალტერნატიული ხმების გასაჟღერებლად ვითანამშრომლეთ ახალ ავტორებთან და მკითხველისთვის საინტერესო მასალის შესათავაზებლად გამოვცადეთ რამდენიმე განსხვავებული ფორმატი.

შემოდგომისთვის ჩამოყალიბდა მდგრადი სარედაქციო პროცესი. თანდათან გაიზარდა მკითხველთა რაოდენობა. „ლიბერალის" გარშემო შეიკრიბა თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა ქსელი.

თუმცა, ამავდროულად „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.

„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას.

ჩვენთვის ბოლო ხუთი თვე ახალი და საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე. ამ პროცესში ჩვენი მთავარი მონაპოვარი სარედაქციო გუნდი და ავტორთა ქსელია, რომელთანაც დიდი იმედი გვაქვს, მომავალში, სხვა პლატფორმაზე, განსხვავებული ფორმატით განვაგრძობთ თანამშრომლობას.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ავტორს, მკითხველს და მხარდამჭერს. ასევე, გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ „ლიბერალის” გუნდის იმ წევრების მიმართ ვინც ჟურნალში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი ნდობისა და გამოცდილების გარეშე ისედაც რთული გარდამავალი ეტაპის დაძლევა წარმოუდგენელი იქნებოდა. ბოლოს მადლობა მათ, ვინც თვალს გვადევნება და მხარს გვიჭერდა.

წარმატებები „ლიბერალს!” 

 „ამ განცხადებამდე 5 თვით ადრე „ლიბერალის“  ძველმა გუნდმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მკითხველს ემშვიდობებოდნენ:

 

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას.

მოკლედ მიზეზებზე:

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით ლიბერალში და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას.

ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.

არ გვსურდა, რომ მომავალში ლიბერალის მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.

ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს ლიბერალის გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და ლიბერალი გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).

ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს ლიბერალის პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, ლიბერალში ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.

დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით.

შეხვედრამდე!

  • ზურა ვარდიაშვილი;
  • ლიკა ზაკაშვილი;
  • დავით გამისონია;
  • თათია ხალიანი;
  • ნათია ამირანაშვილი;
  • სალომე გორგოძე;
  • ქრისტინე მუჯირი;
  • ალექსანდრე ქეშელაშვილი;
  • ბასტი მგალობლიშვილი;
  • ნინო კალატოზიშვილი;
  • ნათია ორმოცაძე.