ეს იყო პარლამენტზე ქიმიური შეტევა - თალაკვაძე
ეს იყო პარლამენტზე ქიმიური შეტევა - თალაკვაძე

A+ A-

14:58 12/12/2019

პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქიმიურ შეტევად აფასებს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,ეს იყო ქიმიური შეტევა პარლამენტზე. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანია მოწამლული, გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობასთანაა“ აფილირებული, მომხდარზე  პასუხისმგებლობა აიღო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრებმა გაურკვეველი ხსნარი მოასხეს, რომლის სუნმაც, სხდომის გაგრძელებას ხელი შეუშალა.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.

სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.