რამდენს ბედავთ - “ქართული ოცნების” ოფისთან მორიგი აქცია გაიმართება
რამდენს ბედავთ -  “ქართული ოცნების”  ოფისთან მორიგი აქცია გაიმართება

A+ A-

18:37 02/12/2019

მოძრაობა “სირცხვილია” “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან,  19:00 საათზე, აქციას სახელწოდებით “რამდენს ბედავთ” გამართავს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება პარტიული აქტივისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებით სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მარგინალიზებას ცდილობს.

მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მიზანია ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა.

“დღეს, მცხეთაში, სამოქალაქო აქტივისტებს ოცნების დაქირავებული ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ! ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ის გვიპირისპირებს პარტიულ აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია. სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა! ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს! მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები,”-წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი, რომელიც „გაბედეს“ წევრია.