ჩემს ადგილს დღევანდელ პარტიულ პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ ვხედავ - აკაკი ზოიძე
ჩემს ადგილს დღევანდელ პარტიულ პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ ვხედავ - აკაკი ზოიძე

A+ A-

16:39 02/12/2019

ვრჩები იმ ფასეულობების ერთგული, რომლის გამოც შევუერთდი „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს, ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზოიძე აცხადებს, ის თავის ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად, პარლამენტში ვეღარ ხედავს.

„ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით - არა. ხოლო უგულოდ არც ერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მითუმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად - ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თოთოეულ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვისთანაც ერთად ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა: ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასეულობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში. ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია, რათა ათეულ ათასობით ახალგაზრდის საზოგადოებაში ინტეგრაცია ვუზრუნველყოთ. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილის მიუხედავად ვერ დავეხმარე, ან უნებურად (მიზანმიმართულად და შეგნებულად არასდროს) გული ვატკინე სიტყვით ან საქმით. და ბოლოს, ვრჩები რა ერთგული იმ ფასეულობებისა, რომლის გამოც შევუერთდი „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს, ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, განსაკუთებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომლებშიც მჯერა, რომ ჩემი ექსპერტული წვლილის შეტანა შემიძლია ახალ (ძველ) ამპლუაში“, - ნათქვამია ზოიძის განცხადებაში