ნიკა მელიას პარლამენტში, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს
ნიკა მელიას პარლამენტში, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს

A+ A-

14:30 02/12/2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, პარლამენტში სავარაუდოდ ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მელიას ადგილმონაცვლე ნინო კალანდაძე უნდა ყოფილიყო, თუმცა იმის გამო, რომ „ევროპულმა საქართველომ“ პარტიული ბლოკი დატოვა, ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის.

ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012) პარლამენტის წევრი, მანამდე კი ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2006-2008) იყო. 2004 წელს ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელწიფო რწმუნებულის აპარატში ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩევლად მუშაობდა.

კონსტიტუციის 39-ე მუხლის  მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლომ ნიკა მელია 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.