ზაზა თავაძეს იმედი არ ჰქონდა, რომ უვადო მოსამართლედ აირჩევდნენ და “თამაშიდან“ გავიდა - ნაზი ჯანეზაშვილი
ზაზა თავაძეს იმედი არ ჰქონდა, რომ  უვადო მოსამართლედ აირჩევდნენ და “თამაშიდან“ გავიდა - ნაზი ჯანეზაშვილი

A+ A-

14:00 02/12/2019

ზაზა თავაძეს სხვა კანდიდატებმაც უნდა მიბაძონ და მოხსნან საკუთარი კანდიდატურები, - ამის შესახებ “2020NEWS” - ს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დარღვევებით წარიმართა, ამიტომაც 20 კანდიდატმა უარი უნდა განაცხადოს მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლედ გამწესებაზე.

„არ ვიცი დაზუსტებით, რა მიზეზით ამბობს ზაზა თავაძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კონკურსზე უარს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თავაძეს უნდა მიბაძოს სხვა კანდიდატებმაც. პროცესი არის დარღვეული, თავად ზაზა თავაძის კანდიდატურაც დარღვევებით წარედგინა საქართველოს პარლამენტს ისევე, როგორც დანარჩენი 19 კანდიდატიც. იმედი მაქვს, სხვებიც მიბაძავენ და მის განცხადებას სხვა კანდიდატებზეც ექნება გავლენა. თუ ვინმეს აწუხებს ამ ქვეყნის მართლმსაჯულების ბედი, თუ ვინმეს აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარება და ის ადამიანები არიან ამ სიაში თუ ასეთი მოიძებნება, მათთაც უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვან, რათა პარლამენტში მათი კანდიდატურები არ განიხილონ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

“2020NEWS“ -ის კითხვაზე, თავაძის მიერ კანდიდატურის მოხსნას აქვს თუ არა პოლიტიკური სარჩული, იუსტიციის არამოსამართლე წევრი ასე პასუხობს:

„შესაძლოა, ზაზა თავაძეს იმედი არ ჰქონდა, რომ მას არ აირჩევდნენ და ამიტომაც გავიდა ამ “თამაშიდან“ იმისათვის, რომ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს იმიჯურად არ მისდგომოდა ზიანი. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიიდან უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატის დამტკიცება არ შეიძლება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე,ზაზა თავაძე რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობისთვის იბრძოდა ცოტა ხნის წინ კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წერილით უკვე მიმართა.