სასამართლო ბანკი “ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სასამართლო ბანკი “ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

A+ A-

13:15 02/12/2019

თბილისის საქალაქო სასამართლო ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების საქმეზე, ასევე ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადების და გამოყენების ორგანიზების ნაწილში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზურაბ ადეიშვილს „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკანორ მელია სასამართლომ საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკანორ მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“ ,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.