ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება“ დედას, ხოლო ქვეყანა შვილს შეადარა
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება“ დედას, ხოლო ქვეყანა შვილს შეადარა

A+ A-

12:35 02/12/2019

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რეალური არ არის და ამაზე 30 ნოემბრის შეხვედრაზე, მმართველ პარტიას ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა "კვირის თემა"-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ოპოზიციის ოთხ შეთავაზებასაც, რომელიც მმართველ პარტიას გუშინდელ შეხვედრაზე გააცნეს. ეს შეთავაზებები დღეს დავით უსუფაშვილმაც ჩამოთვალა: ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა, კონსტიტუციაში მცირედი ცვლილებების შეტანა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვა და მეოთხე - თავად ხელისუფლების მოსაზრება თუ როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის გზას.

"ეს არის კავკასიური ცარცის წრე - ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დადგა სწორედ დედის როლში, რომელმაც სცადა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მინიმალურადაც არ სტკენოდა შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. და ეს გახდა იმის მიზეზი რატომაც გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე პროპორციული არჩევნების ინიციატივით. ამაზე პასუხი იყო ის, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე, სამი თვის განმავლობაში ხელს სტკენდნენ ისინი ბავშვს. ეს არის მათი სახე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის 30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში" „ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით" ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.