გუშინ ანიტას პატარების ვიდეოები ვაყურებინე, გაგიჟდა სიხარულით, რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს - ანიტას დედა
გუშინ ანიტას პატარების ვიდეოები ვაყურებინე, გაგიჟდა სიხარულით, რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს - ანიტას დედა

A+ A-

18:37 29/11/2019

გუშინ ანიტას პატარების ვიდეოები ვაყურებინე, გაგიჟდა სიხარულით, რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს - 2 წლის ანიტას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

"მოგესალმებით. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემს პირადში შემოდის უამრავი შეტყობინება. ძალიან მამხნევებთ და მახარებთ გაოცებული ვარ ამდენი ადამიანი ასე გულწრფელად რომ ხართ ჩემი გოგოს მდგომარეობით დაინტერესებული.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცდი, რომ ვერ გპასუხობთ და ზოგიერთი მესიჯი ჯერ ვერც კი გავხსენი. გადავწყვიტე აქ საჯაროდ დავწერო ზოგადი მდგომარეობა, რომ ასე მაინც ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში.

აქ შემოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა.

ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი. გვესტუმრნენ აქაური ქართველები. მოუტანეს უამრავი სათამაშო და კიდევ უფრო გაახარეს ქალბატონი. ეხოსკოპიის მონაცემები იგივეა, გაუმჯობესება არ აქვს, მაგრამ თვითონ ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს.

ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერებაა ამ ეტაპზე მადლობა, რომ ასე შეგვიყვარეთ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. უკვე მშვიდად ვარ და ვიცი ძლიერი ძალა დგას ჩემს ზურგს უკან. აღარ ვარ ის გულგახეთქილი და შეშინებული დედა, როგორიც თავიდან გამიცანით. თქვენი წყალობით, იმედიანად და შემართებით ვართ მიყვარხართ.

პ.ს. აქამდე მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ გუშინ ვცადე და ვაყურებინე პატარების ვიდეოები, სადაც ანიტას მიმართავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. გაგიჟდა სიხარულით. პირზე იფარებდა ხელებს და მორცხვად იცინოდა. რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს. მადლობა თქვენ, უსაყვარლესო პატარებო. " - წერს ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა ფაცაციას გადასარჩენად 257 000 ევრო შეგროვდა, ამის შესახებ ინფორმაცია ანიტას დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში გამოქვეყნდა. ასევე ანიტას დასახმარებლად თბილისის მერმა, კახა კალაძემ 30 000 ლარი გადარიცხა.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა, ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ცნობისთვის, პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.