იკვეთება კავშირები, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე კახა კალაძესთან - შაქარიშვილი კორუფციულ ტენდერებზე ალაპარაკდა
იკვეთება კავშირები, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე კახა კალაძესთან - შაქარიშვილი კორუფციულ ტენდერებზე ალაპარაკდა

A+ A-

16:19 27/11/2019

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი ვატო შაქარიშვილი  “2020NEWS“-თან დედაქალაქის მერს, კახა კალაძესა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში მყოფ კომპანიებსა და მათ  მფლობელებს ასახელებს.  “ეს კომპანიებია - “ენსისი“, რომლის ხელმძღვანელიც არის გეგი გელბაქიანი. ასევე კომპანია “ბლექსი“, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც აწარმოებდა სამუშაოებს. იკვეთება კავშირები, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე კახა კალაძესთან. ამ კომპანიებს  სატენდერო მონოპოლია აქვთ მოპოვებული“, -  აცხადებს შაქარიშვილი.

მაჟორიტარის მთავარი პრეტენზია თბილისის მერის,  კახა კალაძის მიმართ ზუსტად ისაა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი მიზნობრივად არ იხარჯება და თანხებს თავისი მეგობრების კომპანიებს ურიცხავს.

“ბიუჯეტი ყველას ფულია. შესაბამისად, ბიუჯეტი ყველა რაიონზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. კითხვები მაქვს, როგორ იხარჯება ბიუჯეტი, რა კომპანიებთან ფორმდება ხელშეკრულებები და ა.შ. მერიაში არის კორუფციის ნიშნები, ბიუჯეტის არამიზნობრივი და არაარაეფექტური ხარჯვა. მაგალითად, მთელი თბილისის ბიუჯეტის დახარჯვა ერთ უბანზე არ შეიძლება, თუ სასიცოცხლო საჭიროებას არ წარმოადგენს“.მე თანხების ხარჯვასთანაც მაქვს კითხვები და ვინც იღებს ამ ფულს, იმასთანაც, რადგან რიგ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სულ ორი-სამი კომპანია მუშაობს. ეს კომპანიები ძალიან ახლო კავშირში არიან, როგორც კალაძესთან, ასევე - “ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ეს კომპანიები იყვნენ მონოპოლისტები გიგი უგულავას დროს და იგივე კომპანიები მუშაობენ დღესაც“, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

„2020NEWS“ -თან საუბარისას შაქარიშვილი კალაძისა და მისი მეგობარი,  დეპუტატ-ბიზნესმენების საქმიანობასაც შეეხო. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ხაზს უსვამს იმას, რომ დედაქალაქის მერი, მის მეგობრებს განაშენიანების ნებართვას უპრობლმოდ აძლევს. „დღეს დედაქალაქის ქაოტური განაშენიანება მიდის. ტენდერებში პრივილეგიები ენიჭება კალაძის  მეგობარს, პარლამენტარ ილია წულაიას. ნახეთ მისი კომპანია “არქის“ მშენებლობის მასშტაბები. კარგად ვიცით, მერიიდან ნებართვები როგორ გამოაქვს წულაიას.

ასევე არის მიწის მონაცვლეობების პროცესი, სადაც  კორუფციული ნიშნები ნათლად იკვეთება. მაგალითად,  პარლამენტარ ბექა ოდიშარიას, “ვისოლ ჯგუფის“  ფხაკაძეების, მიწების მონაცვლეობის თემები. ამ პროცესში დედაქალაქი უდიდეს თანხმებს იხდის.  სხვათაშორის, ჩემი დიდ ბრძოლის შედეგად, ერთ-ერთი ასეთი მიწითმონაცვლეობა ჩავაგდე, მაგრამ დანარჩენს ჩემი მანდატი არ ჰყოფნის“, - განუცხადა შაქარიშვილმა “2020NEWS“-ს. 

საკრებულოს მაჟორიტარის თქმით, დიდი შეუსაბამობაა 2017 წლის არჩევნების დროს, კალაძის გაცემულ დაპირებებსა და შესრულებულებს შორისაც.

„როდესაც “ქართულ ოცნების“ გუნდს წარმოვადგენდი და  30-მილიონიანი ტენდერი ცხადდებოდა, აეროპოტრის გზატკეცილის გზის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით,  ვეუბნებოდი ჩემს მაშინდელ თანაგუნდელებს, რომ ლოტებად დავყოთ და რამდენიმე კომპანიამ სინქრონში შეასრულოს სამუშაოები-თქო. ლოტებად დაყოფა კარგი იყო იმიტომ, რომ არ მომხდარიყო სხვა ბიზნეს-კომპანიების დაჩაგვრა და ყველაფერი ერთ კომპანიას არ ეკეთებინა, მაგრამ არ მომისმინეს. ეს ერთი საკითხია.

მეორე საკითხია პრიორიტეტების განაწილება.  ზოგადად, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ვამბობ ახლა, ჭავჭავაძის გამზირზე ამხელა თანხების დახარჯვა სულაც არ იყო საჭირო, რადგან ამ გამზირზე, სხვა ქუჩებისგან განსხვავებით, კრიტიკული მდგომარეობა სულაც არ იყო. უბრალოდ, ეს კალაძის სურვილი იყო, რომ გაკეთებულიყო.

თუმცა, რა ხარისხითა და რა ვადებში კეთდება ჭავჭავაძის გამზირი, ყველა კი ხედავს.

მეტსაც გეტყვი, 2020 წლის ბიუჯეტში ახლა ჩადო ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც სრულყოფილი პარკია და შესაძლებელია დასვენება. ჩვენ ახალი სივრცეები გვაკლია და ამის გაჩენაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, და არა, ისედაც კარგ მდგომარეობაში მყოფი სივრცეების რეაბილიტაციაზე. “ - აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა, ვატო შაქარიშვილმა.