ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები, როიალი - რა ქონებას ფლობს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე?
ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები, როიალი - რა ქონებას ფლობს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე?

A+ A-

11:57 22/11/2019

3 ბინა და ერთი ფეშენებელური სახლი თბილისში, მიწის ნაკვეთები და სახლები ზესტაფონსა და ბაკურიანში და ნაჩუქარი როიალი - რა ქონებას ფლობს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, რომელიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გამორჩეულ წევრად ითვლება?

თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ზესტაფონში დაბადებულ და გაზრდილ თავმჯდომარეს, ვასილ მშვენიერაძეს, მშობლებმა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, N81-ში, მემკვიდრეობით 2 ბინა გადასცეს -  92, 2 კვ. მ-სა და 45, 4 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინები, რასაც ზედ იმავე მისამართზე არსებული სარდაფიც დაამატეს.

ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გამორჩეული წევრი მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციაში ნაჩუქარი ქონების რაოდენობა ძალიან შთამბეჭდავია. ისეთივე შთამბეჭდავი, როგორც მოგვიანებით თავად მოსამართლის მიერ დაგროვილი ქონების ჩამონათვალი, რომლის ფასიც მილიონს საგრძნობლად სცდება.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ვასილ მშვენიერაძეს მშობლებმა უსახსოვრეს ზესტაფონის რაიონის სოფელ საღვინეში მდებარე მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლი და სხვა უძრავი ქონება. კერძოდ, მშვენიერაძის 100%-იან საკუთრებაშია  119,2 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ზესტაფონის რაიონის სოფელ საღვინეში. ასევე, 909 კვ.მ.  და 728 კვ.მ. მიწის ნაკვეთები იმავე მისამართზე, რომელიც მშვენიერაძეს მშობლებმა აჩუქეს. ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციაში ასევე წერია, რომ ის ასევე ფლობს კიდევ ერთ სახლს ზესტაფონის რაიონის სოფელ საღვინეში - 134, 7 კვ.მ.-ს, მაგრამ ეს სახლი ამორტიზებულია.

ზესტაფონის რაიონის სოფელ საღვინეში მდებარეობს ასევე 54,5 კვ.მ. და 28,7 კვ.მ. ნაგებობები, რომელიც  ვასილ მშვენიერაძეს მშობლებმა 1994 წელს აჩუქეს და იქვე მდებარეობს 3755 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ვასილ მშვენიერაძის საკუთრებაა.

გასულ წელს კი, ვასილ მშვენიერაძეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიწაძის ქ.N2-ში 270 კვ.მ. სახლი აუშენებია 400 კვ.მ. მიწის ფართზე, რომელიც 2014 წელს შეუძენია. ფეშენებელური სახლის გარდა, მშვენიერაძე იმავე მისამართზე 45 კვ.მ. ავტოფარეხსაც ფლობს. აღსანიშნავია, რომ ეს უბანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უბანია დედაქალაქში.

მოსამართლის მეუღლის, თამარ დოჭვირის საკუთრებაშია თბილისში, მიცკევიჩის N25-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, რომელიც 139 კვ.მ.-ია. თამარ დოჭვირია ასევე, ბორჯომში, დაბა ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული

1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 25%-ის მფლობელი, რომელიც სავარაუდოდ, მშენებლობისთვის არის განკუთვნილი.

მშვენიერაძე-დოჭვირის წყვილი ფლობს როიალი GERFSHTAT-ს, რომელიც ქალბატონ დოჭვირს 1987 წელს აჩუქეს და როგორც დეკლარაციაში წერია, მისი 100%-იანი მფლობელია.

ვასილ მშვენიერაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა HIYNDAI SONATA HIBRID, რომელიც მას 2018 წელს 15 500 ლარად შეუძენია.

როგორც ჩანს, ვასილ მშვენიერაძისთვის, 2018 წელი კაპიტალდაბანდების კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი ყოფილა.

გასულ წელს ვასილ მშვენიერაძეს კიდევ ერთი მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი გაუსხვისებია, საიდანაც შემოსავლის სახით, 14 000 ლარი მიუღია. იმავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ მშვენიერაძემ ბანკისგან 52 ათასი ლარი ისესხა.

2018 წელს თამარ დიჭვირმა, რომელიც პროფესიით ექიმია და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მუშაობს, ანაზღაურების სახით 8968 ლარი მიიღო. ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან 68 988 ლარი მიიღო, ხოლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობიდან - 11 520 ლარი.

რაც შეეხება ვასილ მშვენიერაძის სამოსამართლეო ბიოგრაფიას. მისი აღმავლობა  „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან იწყება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვირგვინდება.

მშვენიერაძე 1995-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მთავარ კონსულტანტად; 1997-1999 წლებში მუშაობდა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელად; 1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2002-2004 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილების უფროსად; 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად; 2006 წელს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროს სპეციალისტად; 2006-2007 წლებში მუშობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად; 2008-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;  2012-2017 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; ამავე პერიოდში სხვადასხვა დროს ასრულებდა საგარეჯოს რაიონული და გორის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებას; 2015-2019 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.

ვასილ მშვენიერაძე 2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან იგი ასევე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ვასილ მშვენიერაძემ 1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაციით.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სანჰიგიენის ფაკულტეტი.

2000 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სწავლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ასპირანტურაში.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები და აქვს სპეციალური საკლასო ჩინი.