შემოსავლების სამსახურს “უქონელი“  უფროსი ჰყავს -  გახარიას კადრის  ქონებრივი დეკლარაცია
შემოსავლების სამსახურს “უქონელი“  უფროსი ჰყავს -  გახარიას კადრის  ქონებრივი დეკლარაცია

A+ A-

17:29 21/11/2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ლევან კაკავა 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის მინისტრის მოადგილედ პრემიერმა გიორგი გახარიამ დანიშნა, როცა მან თავად დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. დღეს კი,  პრემიერის კადრი შემოსავლების სამსახურის უფროსად წარადგინეს.

“2020NEWS“ დაინტერესდა,  რა ქონებას ფლობს  კაკავა.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, პროფესიით იურისტი კაკავა სხვადასხვა წლებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ფინანსთა სამინისტროში.

მისი ბიოგრაფიული მონაცემები ასეთია: 2017 წლის აგვისტოდან - 2017 წლის ნოემბრამდე – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ; 2014 წლის იანვარი - 2017 წლის ივნისი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლის მაისი - 2014 წლის იანვარი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წლის აპრილი - 2013 წლის მაისი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 2010 წლის მაისი - 2013 წლის აპრილი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 2010 წლის აპრილი - 2010 წლის მაისი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2007 წლის აპრილი - 2009 წლის დეკემბერი - შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2005 წლის ოქტომბერი - 2007 წლის აპრილი - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2004 წლი სექტემბერი - 2005 წლის ოქტომბერი - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილება, გამომძიებელი; 2002 წლის ივლისი - 2004 წლის სექტემბერი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი.

მიუხედავად მისი მრავალფეროვანი თანამდებობებისა, კაკავა არც ისე ბევრ ქონებას ფლობს, მან ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 16 სექტემბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვითა, ის ფლობს 68,28 კვ.მ ბინას თბილისსში, რომელიც მან 2016 წელს 60 053,1 დოლარად შეიძინა, ასევე 2016 წელსვე კაკავას 15 000 დოლარად შეუძენია მსუბუქი ავტომანქანა 2014 წლის toyota Rav4.

 დეკლარაციის შევსების მომენტში კაკავას საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება 11 967.1 ლარი და 3447,06 დოლარი, ხოლო დანაზოგის სახით - 3 000 ლარი. კაკავას შსს-ში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე  ყოფნისას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 84 326 ლარი. მისმა წლიურმა გასავალმა კი 16 346,62 ლარი შეადგინა.

 დეკლარაციის მიხედვით, კაკავას სხვა მოძრავი თუ უძრავი ქონება არ უფიქსირდება. მას ჰყავს მეუღლე ნანა აბშილავა და ერთი შვილი ნიკოლოზი.  ნანა აბშილავას, გენერალურ პროკურატურაში, მრჩეველის თანამდებობაზე  მუშაობისას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს, 20 576 ლარი. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც მისი მეუღლის სახელზეა რაიმე ქონება  რეგისტრირებული, გარდა საბანკო ანგარიშებისა, რომლებზეც, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნანა აბშილავას 3 739,57 ლარი და 40 დოლარი უფიქსირდებოდა.