ჩემი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყარა - თამარ ჩუგოშვილი
ჩემი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყარა - თამარ ჩუგოშვილი

A+ A-

00:57 20/11/2019

"ჩემი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყარა", - განაცხადა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება გახდა მიზეზი ისა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ყველა თანამდებობა, რაც უმრავლოსობასთან და პარლამენტთან აკავშირებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „გაიყარა თუ არა ივანიშვილისა და ჩუგოშვილის გზები"? - უმრავლესობის ყოფილი ლიდერი პასუხობს:

„მე დავტოვე ყველა თანამდებობა და უმრავლესობის რიგები, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ გაიყარა".

ის ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შენობების ბლოკირება არაკანონიერია.

„ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა სწორი არ მგონია, რადგან ეს ფორმა უკანონოა. სამწუხაროა, რომ პოლიციის გამოყენება საჭიროა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში" - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა მას შემდეგ დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.