შეგვიძლია, ლენინგორიდან ქართველი სასულიერო პირები გავაძევოთ - დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პასუხობს
შეგვიძლია, ლენინგორიდან ქართველი სასულიერო პირები გავაძევოთ - დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პასუხობს

A+ A-

18:52 19/11/2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სასაცილოს უწოდებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა რუსეთის პატრიარქ კირილისადმი გაგზავნილ წერილში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსულ საოკუპაციო ბაზებზე კაპელანების გაგზავნა გააპროტესტა.

"...მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.
რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას", - ასე მიმართავდა წერილში ილია მეორე პატრიარქ კირილს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიურ საკითხებში სონია ხუბაევა ამბობს, რომ "საქართველოს ეკლესია თითქოს არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ სინამდვილეში ერევა". მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში უკვე შეეჩვივნენ, რომ საქართველოს ეკლესიის პოზიცია ასეთ საკითხებში მუდამ რეაქციული და არაადეკვატური იყო".

მედოევა ამბობს, რომ იმ ლოგიკით, რითაც პატრიარქ კირილს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა, ე.წ. ხელისუფლებას ლენინგორიდან (ასე უწოდებენ ოკუპირებულ ახალგორს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში-რედ.) ქართველი სასულიერო პირების გამოძევება შეუძლია.