გიორგი რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო - "2020NEWS"-მა დაკავების დეტალები გაარკვია
გიორგი რურუას იარაღი პოლიციამ  ჩაუდო - "2020NEWS"-მა დაკავების დეტალები გაარკვია

A+ A-

14:04 19/11/2019

“2020NEWS”-მა ტელეკომპანია “მთავარის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავების დეტალები გაარკვია.

როგორც  “2020NEWS” რურუას მძღოლი  შმაგი ასანიძე უყვება, დაკავების დროს რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა.  მისი დაპატიმრება მაშინ მოხდა, როდესაც  აქციის შემდგომ სახლში ბრუნდებიდა. ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე,  ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე, საპატრულო ეკიპაჟმა დღის 13:00 საათზე გააჩერა.

„ღამენათევები აქციიდან ვბრუნდებოდით, როდესაც დღის 13:00  საათზე ვაკის სასაფლაოსთან პატრულმა გაგვაჩერა.  ვიფიქრეთ, რადგან ღამენათევები ვიყავით, ამიტომ გაგვაჩერეს და ალკოჰოლზე შეგვამოწმებდნენ. თუმცა, პატრულს გაჩერების მიზეზი ჩვენთვის არ აუხსნია და საბუთების წარდგენა მოგვთხოვეს“, - განაცხადა ასანიძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ რა პატრულმა რურუას ეკიპაჟი გააჩერა და საბუთების წარდგენა  მოსთხოვა,  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა  რამდენიმე ადამიანმა, ძალის გამოყენებით, გიორგი რურუა ავტომობილიდან გადმოიყვანა და დააკავა.

,,სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები მოცვივდნენ და გიორგი ავტომობილიდან გადმოათრიეს.  სხვა ავტომობილში ჩასვეს. მისი დაკავება ისე მოხდა, რომ  არ უთქვამთ, რატომ აკავებდნენ.  ჩვენც მასთან ერთად გადაგვიყვანეს დიღმის პოლიციის სამმართველოში და იქ მოხდა ჩვენი გამოკითხვა. საღამოს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მე და დაცვის თანამშრომლები გამოგვიშვეს“, - განაცხადა ასანიძემ.  

როგორც  “2020NEWS”-ს  რურუას ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი.

„გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ბუნებრივია, ამ ბრალს არ ვეთანხმებით, რადგან იარაღი ჩადებულია პოლიციის მიერ.

ამ ეტაპზე,  არ ვიცით, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი როდის გაიმართება, ვინაიდან ველოდებით, ბრალს ოფიციალურად როდის წარუდგენენ.

სავარაუდოდ, ბრალის წარდგენა დღეს უნდა მოხდეს, რადგან  გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება“ , - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ,  გიორგი რურუა გუშინ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, იგი პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.