ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა

A+ A-

13:41 18/11/2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, გორში აქცია გამართეს კლინიკა „გორმედ“-ის თანამშრომლებმა.

„სამედიცინო საზოგადოება მისი დაკავების დღიდანვე იყო სოლიდარული. ეს იყო დიდი აღშფოთება და პროტესტი. ექიმი ყოველთვის ექიმია. არ არსებობს ომის და მშვიდობის პერიოდი. საოკუპაციო რეჟიმის მიმართ ვაჟა გაფრინდაშვილის ჟესტი არის ქართველობის და გაუტეხლობის სიმბოლო და მას დიდი მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა სოლიდარობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტრავმატოლოგმა დავით ღვინიაშვილმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

შეგხსენებთ, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.