ივანიშვილმა გადაკვეთა საკრალური ხაზი, აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი - ვასაძე
ივანიშვილმა გადაკვეთა საკრალური ხაზი, აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი - ვასაძე

A+ A-

19:00 09/11/2019

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა „ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, მაგრამ ბიძინა, შენ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, -  აცხადებს ვასაძე.

ვასაძის შეფასებით, ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან მან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა.

ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს.

„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს საქართველოს მმართველი. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, წავიდეს პოლიტიკიდან და აღარ იყოს არამხოლოდ არაფორმალური მმართველი, არამედ აღარ იყოს არანაირი მმართველი საქართველოსი.

მას მინდა ვუთხრა: ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომ ამ ჩვენ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარს არასოდეს არ გავასაჯაროვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება.

დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, იყავი ქველმოქმედი კაცი, აკეთე ის მილიონი კეთილი საქმე, რაც გიკეთებია და რისთვისაც მადლობელი ვართ, მაგრამ ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რამე მოხდება, ქვეყნის მმართველი აღარ უნდა იყოს. უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უნდა გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვინც დემოკრატიული გზით ხმათა უმრავლესობას მიიღებს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.