“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა, არის მხოლოდ სატყუარა - სერგი კაპანაძე
“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა, არის მხოლოდ სატყუარა - სერგი კაპანაძე

A+ A-

18:00 09/11/2019

“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა ბიძინა ივანიშვილისთვის არის მხოლოდ სატყუარა არჩევნების წინ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით პროექტი რომც განხორციელდეს, ეს იქნება უხეში ჩარევა განათლების ბაზარზე.

„რეალურად, კიდეც რომ განახორციელოს თუნდაც ნახევარი იმისა, რაც თქვა, ეს იქნება ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა განათლების ბაზარში, რადგან ის აპირებს, რომ ჯერ შექმნას უნივერსიტეტი, ანუ აპირებს, სტუდენტები წაართვას სხვა უნივერსიტეტებს, ეს ერთი. მეორე - როგორც ჩვენ უკვე დავინახეთ, ის არ აპირებს, ქვეყანაში არსებული კანონიერი სტანდარტებით შექმნას უნივერსიტეტი, მათ შორის გაიაროს ავტორიზაცია და აკრედიტაცია. უნდა, გამონაკლისი ჰქონდეს. ეს არის არასწორი, რადგან კონკურენტულ საგანმანათლებლო ბაზარზე ასეთი კონკურენციის მიღმა არსებული სუბიექტი უბრალოდ ამახინჯებს ბაზარს. მესამე – საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის უნივერსიტეტის შექმნა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი გზა, კიდევ ერთი ნაბიჯი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაქმნელად და ეს არ არის კარგი საგანმანათლებლო ბაზრისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.