ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერასთან ერთად საუკეთესო მამაკაცის როლის მოსაპოვებლად იბრძოლებს
ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერასთან ერთად საუკეთესო მამაკაცის როლის მოსაპოვებლად იბრძოლებს

A+ A-

17:33 09/11/2019

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA) წარადგინეს.

ამის შესახებ ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი წერს.

„ლევან გელბახიანი EFA-ს დაჯილდოების ნომინანტია ანტონიო ბანდერასთან ერთად!!! როდესაც დავიწყე ამ ფილმზე გამოკვლევა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდი! ვერც კი ვიოცნებებდი, რომ შევხვდებოდი ამ ბიჭს, რომელიც ასე მამაცად და უანგაროდ მიუძღვნიდა საკუთარ სხეულსა და სულს ფილმს, რომელიც ორივემ ვიცოდით, რომ ძალიან პროვოკაციული იქნებოდა მის სამშობლოში. ჩვენ ერთად შევედით საქართველოს ისტორიაში და ამით მუდმივად დაკავშირებული ვიქნებით. მიყვარხარ ლევან გელბახიანო, შენ შთამაგონებ ყოველ დღე! - წერს ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი.

ცნობისთვის, ლევან გელბახიანი გუშინ, 8 ნოემბერს მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო. ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.