ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან“ აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან“ აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

A+ A-

14:21 09/11/2019

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებულ ერთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დაკავებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედება. კინოთეატრთან დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

სამართალდამცველებმა გუშინ აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.