განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ - თალაკვაძე
განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ - თალაკვაძე

A+ A-

13:01 09/11/2019

განათლების მინისტრის კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, გადაწყვეტილება მიიღება კონსულტაციების გზით, ძალიან მალე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელსაც დღეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დაუსვეს.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც აქვს კომპეტენცია, თავად განახორციელოს ცვლილება მთავრობაში, თუ საჭიროდ მიიჩნევს.

„პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და კაბინეტის შემადგენლობას. როდესაც გიორგი გახარია დავამტკიცეთ, გამოვუცხადეთ ნდობა. შესაბამისად, კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს აქვს კომპეტენცია, თავად გააკეთოს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, თუ ასეთ საჭიროებას ხედავს. ამას დამატებითი დამტკიცება პარლამენტის მხრიდან ან პარლამენტის ჩართულობა ოფიციალურად არ სჭირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და ამ შემთხვევაშიც იქნება გადაწყვეტილება მიღებული კონსულტაციების გზით. ჯერ კონსულტაციები არ არის დასრულებული, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე დღეში დასრულდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, განათლების მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღება.

„რაც შეეხება განათლების მინისტრის კანდიდატურას, კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და გადაწყვეტილება იქნება კონსულტაციების გზით მიღებული ძალიან მალე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.