ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ - არჩილ თალაკვაძე
ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ - არჩილ თალაკვაძე

A+ A-

12:30 09/11/2019

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

„ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა, შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიმართეს ძალადობას, რეაგირება იყო მყისიერი და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეაგირების საგანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფო ასეც გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.