პოლიციას კორდონი უფრო შორს უნდა მოეწყო - სახახო დამცველი “და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისურ ჩვენებაზე
პოლიციას კორდონი უფრო შორს უნდა მოეწყო - სახახო დამცველი “და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისურ ჩვენებაზე

A+ A-

11:11 09/11/2019
ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, ეს იყო წინასწარ დაანონსებული და ისმოდა მოწოდებები ძალადობისკენ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსის ჩაშლის მცდელობას.
სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომლის მსხვერპლიც კინოთეატრ „ამირანთან“ მისული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი გახდა.
 
ნინო ლომჯარია დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს, და რომ ანა სუბელიანმა სწორედ მისი განსხვავებული შეხედულების გამო მიიღო დაზიანებები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო, რათა მოძალადეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მეტი დაშორება და მეტი უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო.
 
მისივე განცხადებით, ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად, ანამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.
 
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაზარალებული ანა სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო.
 
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.