ცხელი სირია - ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის !
ცხელი სირია - ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის !

A+ A-

16:59 07/11/2019

დღეს მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში ახლო აღმოსავლეთში, სირიაში მიმდინარე პროცესებია. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან (პირდაპირი გზით) 700 კილომეტრითაა დაშორებული სირიის ის ტერიტორია, სადაც ქურთების წინააღმდეგ თურქებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ამ პროცესში ერთმანეთის მოკავშირეებად რუსეთი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი - თურქეთი აღმოჩნდნენ.

შეერთებული შტატები მოკავშირე თურქეთს დაუპირისპირდა. ამ პრცესებმა გაღიზიანება გამოიწვია ევროპაში. "ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატოს ტვინის სიკვდილი“,- საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, The Economist-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებები ღიად გააკრიტიკაა.

ამ წუთებში სირიაში ძალთა ასეთი გადანაწილებაა:

"სირიის დემოკრატიული ძალების“ მნიშვნელოვანი ნაწილია "ხალხის დამცველთა შენაერთები“ (YPG), რომელსაც თურქეთი "ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მოკავშირედ მიიჩნევს. „ქურთისტანის მუშათა პარტია", რომელიც 1984 წლიდან ქურთებისათვის ავტონომიის მოსაპოვებლად იბრძვის, თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები "ხალხის დამცველთა შენაერთებს“, ტერორისტული ორგანიზაციის - ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, იარაღით ამარაგებდა. ბუნებრივია, თურქეთი ამ პროცესის წინააღმდეგი იყო.

მას შემდეგ, რაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეერთებულმა შტატებმა ამერიკული სამხედრო ნაწილები გაიყვანა. "სირიის დემოკრატიული ძალებმა“ უკვე ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას მიმართეს დახმარებისთვის. 

ამავდროულად, სიტუაცია იძაბება სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში. რუსული ავიაცია პროვინციას ბომბავს, სწორედ ამ პროვინციაშია თავმოყრილი "ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრების შემადგენლობა, ოჯახებითურთ. ვითარება, რომელიც რეგიონში შეიქმნა, უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს.

ფაქტია, სირიაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. რა შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის იდლიბის პრვინციაზე შეტევას, მივიღებთ თუ არა ლტოლვილების სტატუსს ამოფარებულ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში, ამ და სხვა საკითხებთნ დაკავშირებით “2020NEWS” აღმოსავლეთმცოდნესა და “შენების მოძრაობის“ წევრს, დავით კობერიძეს ესაუბრა.

"ისლამური სახელმწიფო“ და ცხელი სირია - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? 

ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა დასახელებებით მოიხსენიებდნენ. ეს სახელწოდებები 2014 წლამდე არსებობდა. 2014 წელს, როდესაც აბუ ბაღდადიმ, ქალაქ მოსულში, გამოაცხადა სახალიფოს შექმნა, ყველა მანამდე არსებული სახელი გაუქმდა და ფორმირებას, რომელიც შეიქმნა, "ისლამური სახელმწიფო“ ეწოდა.

დავით კობერიძე: "ამ ფორმირებას გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია. რას ნიშნავს ეს? ეს არის პირდაპირი მსგავსება საბჭოთა კავშირთან. ისლამური სახელმწიფო უნდა გავრცელებულიყო და დღესაც მრავალი ადამიანის სურვილია, რომ გავრცელდეს მთელს ახლო აღმოსავლეთში, მიმდებარე ქვეყნებში და საბოლოო ჯამში, მთელს მსოფლიოში. ეს არის ისლამური სახელმწიფოსა და სახალიფოს შექმნის არსი. ისლამური სახელმწიფო უნდა იყოს ყველგან! თავის დროზე ასეთივე სურვილი ამოძრავებდათ საბჭოთა კავშირის შემქმნელებსაც. ასე რომ, მსგავსება ამ ორ მოდელს შორის თვალსაჩინოა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაცხადდა ისლამური სახელმწიფოს განადგურება და მისი სრულად მოსპობა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის სინამდვილისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ისლამური სახელმწიფოს საკვანძო ფილიალები არსებობს რეგიონს გარეთაც, რამდენიმე ქვეყნაში, მაგალითად: ავღანეთში, ეგვიპტესა და ლიბიაში.

უნდა ითქვას, რომ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ძალიან ავიწროებენ ისეთ მძლავრ ტერორისტულ გავლენიან დაჯგუფებას, როგორიცაა თალიბანი“.

ისლამურ სახელმწიფოს სერიოზული პესრპექტივები გააჩნია ტერიტორიების გაფართოების თვალსაზრისითა და გავლენების მოსაპოვებლად. სულ ახლანხანს დააანონსდა, რომ მისი ფილიალი უკვე შექმნილია ინდოეთის ტერიტორიაზეც.

დავით კობერიძე: "ისლამურ სახელმწიფოს ინდოეთშიც ბევრი მომხრე ჰყავს. სტრუქტურულადაც ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ოდეოლოგიურ საფუძვლებზე, რომელთა დამარცხებასა და აკრძალვაზე საუბარი ზედმეტია“.

"ისლამურ სახელმწიფოს“ გააჩნია შედარებითი რუკა იმ ტერიტორიებისა, რომელთა დაკავებაც უნდა ამ ორგანიზაციას. საქართველოც ამ რუკაზეა.

იდლიბის პროვინცია - ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის?

ჩნდება კითხვა: რა პირდაპირი საფრთხე ემუქრება საქართველოს სირიიდან? მთავარი საფრთხე იდლიბის პროვინციიდან მოდის. 

შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ იდლიბის პროვინციის დაბომბვა დაიწყო.  სწორედ იდლიბის პროვინციაშია თავმოყრილი "ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ძირითადი შემადგენლობა ოჯახებითურთ. თუ თურქეთი და რუსეთი იდლიბს შეუტევენ, გაჩნდება ლტოლვილების მასა, რომელიც საქართველოსკენაც დაიძვრება.

დავით კობერიძე: "სირიაში მიმდინარე პროცესი პირდაპირ კავშირშია  ჩვენ ქვეყანასთან, ეს რეალობაა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. იდლიბის პროვინცია ერთადერთ უცხო სახელმწიფოს, თურქეთს ესაზღვრება. ეს ფაქტი კი ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თურქეთის ტერიტორიიდან ისინი მარაგდებიან ომისთვის საჭირო ყველა საშუალებით. აქ იგულისხმება: შეიარაღება, ლოჯისტიკური მომსახურება, სამედიცინო დახმარება და დაჭრილების მკურნალობა.

2015 წლის შემოდგომიდან, როდესაც სირიის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო და რამდენიმე მძლავრი, წერტილოვანი დარტყმა მიაყენა ისლამურ სახელმწიფოს, ალ-კაიდასა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, ტყვეებს სთავაზობდნენ, წასულიყვნენ სირიის ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში - იდლიბის პროვინციაში. ეს პროცესი გრძელდებოდა წლების განმავლობაში 2015 წლის ბოლოდან დღემდე. შედეგად, იდლიბის პროვინციაში თავი მოიყარა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩასულმა ჯიჰადისტმა და მათი რაოდენობა, გარკვეული ინფორმაციით, 100 ათასამდეც კი აღწევს. ამას უნდა დაემატოს მათი ოჯახის წევრების, ცოლების, შვილების რაოდენობაც. ამგვარად, იდლიბში ტერორისტულად განწყობილი მოსახლეობის ოდენობა სოლიდურია.

სირიაში მოქმედი ძალები, კონკრეტულად, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, ასევე რუსეთის ხელისუფლება აუცილებლად გაუკეთებენ ორგანიზებას იდლიბის პროვინციაზე თავდასხმას. ამ თავდასხმაში რუსეთი განსაკუთრებულად არის დაინტერესებული, რადგან იდლიბის პროვინციაში დისლოცირებული არიან კავკასიიდან წასული მებრძოლები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის.

თავის დროზე, რუსეთის ის ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ჯიჰადისტების იდლიბის პროვინციაში კონცენტრაციასთან, სწორედ იმ ფაქტორს უკავშირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ერთად თავმოყრილი გაენადგურებინა ყველა ჯიჰადისტი კავკასიიდან. იდლიბში კავკასიიდან წასული ჯიჰადისტები ცოტანი ნამდვილად არ არიან. სხვათაშორის, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ეგვიპტე და საფრანგეთი, გაცილებით ნაკლები ჯიჰადისტი “გაგზავნეს“ იდლიბში, ვიდრე - რუსეთმა“.

"თურქეთი გახსნის საზღვარს და ლტოლვილები საქართველოსკენ გამოემართებიან" 

მოკლედ, ტერორისტებით "გადავსებული“ იდლიბი საფრთხეა არამარტო რუსეთისა და თურქეთისთვის, არამედ თავად სირიის ხელისუფლებისთვის. უკონტროლო ტერიტორია არავის აწყობს. იდლიბზე შეტევა გარდაუვალია.

დავით კობერიძე: "შეტევის მცდელობები უკვე იყო მიმდინარე წელს. ბაშარ ალ-ასადის უკანასკნელი ვიზიტი მიმდებარე ტერიტორიებზე, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროვინციაზე ფართომასშტაბიანი შეტევა აუცილებლად განხორციელდება.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რუსული ავიაციის მეთოდები არასდროს იცვლებოდა. ეს არის მრისხანე თავდასხმა, როგორც სარაკეტო შეიარაღების, ისე სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში იქნება მსხვერპლი და მივიღებთ ლტოლვილების მძლავრ ნაკადს. მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზა თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა იქნება.

გარკვეული პირობების დადგენის შემდეგ თურქეთი გახსნის საზღვარს და მისცემს მათ საშუალებას, გადაკვეთონ მისი საზღვარი. თურქეთის ამ ქმედების გამამართლებელი მიზეზიც ექნება, ჰუმანიტარული მოსაზრებებით.
თურქეთს ისედაც გაცხადებული აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ ევროპელები მათ არ დაეხმარებიან და საერთოდაც არ აღკვეთენ იდლიბის პროვინციაზე თავდასხმას, იქიდან მომავალ ჯიჰადისტებსა და ლტოლვილებს გზა ხსნილი ექნებათ ევროპის მიმართულებით“.

თუ თურქეთი ლტოლვილებს საზღვარს გაუხსნის, მაშინ ისინი თავისუფლად დაიძვრებიან ევროპისკენ. საბერძნეთი მათი ერთ-ერთი, პირველი სამიზნე წერტილი იქნება და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნები. მათ შორის ჩვენც, რადგან თურქეთის მოსაზღვრე სახელმწიფო ვართ. ლტოლვილების გარკვეული ნაწილი აუცილებლად მოაღწევს საქართველომდე.

დავით კობერიძე: "ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი მოცემულობა: ლტოლვილებს შორის იქნებიან არა მხოლოდ სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩასული ჯიჰადისტები და მათი ოჯახის წევრები. ტუნისელები, ეგვიპტელები და ასე შემდეგ. ეჭვი მეპარება,რომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ამ ლტოლვილებისთვის საზღვართან დახვედრა ევალებათ, ტუნისელს სირიელისგან გაარჩევენ .

მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ძალიან დიდი ქალაქები ერაყსა და სირიაში: მოსული, ტიკრიტი, ალეპოს დიდი ნაწილი, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა საპოლიციო განყოფილებებიც“.
ახლო აღმოსავლეთში ამ განყოფილებების ფლობა იმას ნიშნავს, რომ ტერორისტების ხელში აღმოჩნდა საპასპორტო განყოფილებებში არსებული პასპორტის ცარიელი ბლანკები, შტამპები, ბეჭდები და საერთოდ ყველაფერი. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, არასირიელს, არაერაყელს, გარკვეული "დამსახურების“ საფუძველზე, გააჩნია ან ერაყის, ან სირიის მოქალაქეობის დამადასტურებელი მეორე პასპორტი. ამგვარი პასპორტით ჩვენთანაც კი, შეიძლება, ჩვეულებრივად შემოვიდეს ტერორისტი და ოფიციალურად ის ან სირიის მოქალაქე იქნება, ან - ერაყის, რადგან ქვეყნის პასპორტი ექნება.

დავით კობერიძე: "არის კიდევ ერთი გარემოება, რომ ისლამურ სახელმწიფოში არსებობს ე.წ. საბავშვო ბანაკები. აქ ბავშვებს, ძირითად ბიჭებს, ამზადებენენ რამდენიმე საგანში. ისინი გადიან ინტენსიურ სამხედრო წვრთნებსაც. ასე რომ, ჩვენ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მართებს, რათა იმ შემთხვევაში, თუკი შემოვლენ, მათზე კონტროლი განახორციელონ. ისინი პოტენციური ექსტრემისტები შეიძლება, იყვნენ. ბუნებრივია, ეს მოსაზრება ყველას არ ეხება.

ასეთი სირთულეების წინაშე შეიძლება, დადგეს ჩვენი ქვეყანა. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება სახელმწიფოს მხრიდან და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მუშაობა მიმდინარეობს იმ სამსახურებში, რომლებსაც ევალებათ ამ საკითხის გაკონტროლება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მალე არ ამოიწურება. ეს დროში განგრძობადი პროცესია და პერიოდულად სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს: ავღანეთში, ლიბიაში, ეგვიპტეში.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არსებობს ყველგან და ყოველთვის. თუ გავიხსენებთ, ორიოდე წლის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებულ სპეცოპერაციას ჩატაევთან დაკავშირებით და იმას, რომ 3 ადამიანის ნეიტრალიზაციისთვის, საბოლოო ჯამში - ლიკვიდაციისთვის, ძალიან დიდი ძალების მობილიზაცია გახდა საჭირო. ანუ ქვეყანა ფეხზე დადგა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ რომ მსგავსი სხვა უბნებშიც მომხდარიყო, რა უნდა გვექნა?! ტენდეციურად რომ ვიმსჯელოთ, ყველაფერი შედარებითია, თუმცა, ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია“.

ჩნდება კითხვა: რამდენად მზადაა საქართველო ახალ ტერორისტულ საფრთხესთან გასამკლავებლად?

"საქართველო, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან დაკავშირებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ავტორი: ანა ქორჩილავა