ეკლესიაში ფეოდალიზმია გაბატონებული, მეუფე იაკობი მარტო არ მოქმედებს - ვალერი გელბახიანი
ეკლესიაში ფეოდალიზმია გაბატონებული, მეუფე იაკობი მარტო არ მოქმედებს - ვალერი გელბახიანი

A+ A-

16:56 30/10/2019

პატრიარქმა 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვია. მეუფე იაკობი, რომელმაც ხელისუფლება ილია მეორის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, სინოდის სხდომას დაესწრება. რატომ აირია მონასტერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვის სჭირდება და აწყობს არეულობა ქართულ ეკლესიაში - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით  “2020NEWS”  „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

„ არც ასეთი ეკლესია სჭირდება ვინმეს და არც ასეთი ხელისუფლება, სადაც ადამიანი კი არაა მთავარი ღირებულება, არამედ  -  ფულადი ძალაუფლება“, - აცხადებს გელბახიანი.

- მეუფე იაკობის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, უამრავი  ვერსია გაჩნდა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვიდრე  უშუალოდ ბრალდებების ანალიზზე გადავალთ,  თქვენი აზრით, რამდენად  სარწმუნოა მეუფის ბრალდებები? მითუმეტეს,  ამ ბრალდებების ობიექტები არიან  მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები და მინისტრები?  

-არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს. თუმცა,  ფაქტი ერთია, რომ ამ ადამიანების სახელები ტყუილად არ სახელდება.

- მეუფე იაკობის  დასახელებულ რომელ ფაქტობრივ გარემოებას აყენებთ ეჭქვეშ?

- მაგალითად თარიღს, რომელსაც ის ასახელებს. მაშინ გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო და არა -  პრემიერ-მინისტრი. ამავდროულად,   მამა შიო მოსაყდრე ჯერ არ იყო. ბევრი რამე არ ემთხვევა. ასევე, მეუფე პეტრე და მეუფე გრიგოლი  არ ადასტურებენ, რომ მთავრობასთან რაიმე ურთიერთობაში იყვნენ. მეუფე იაკობს შეიძლება სხვა შეხვედრები ჰქონდა, მოდი, ასე ვთქვთ, პროვატული მოსაზრებების გაცვლა შეიძლება იყო, მაგრამ ორგანიზებულად მიმდინარეობდა თუ არა ასეთი შეხვედრები,  ამის დადასტურება შეუძლებელია  მხოლოდ იაკობის განცხადების საფუძველზე.

- ვის სჭირდება ასეთი არეულობა ეკლესიაში?

- არ ვფიქრობ, რომ  მეუფე იაკობი მარტო მოქმედებდეს. განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, თითქოს  თავისი ინიციატივით, დამაჯერებელი ვერსია არაა.  ტელევიზიაში რეკავს და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებზეც იცის, რომ საშინელი რეაქცია იქნება. შემდეგ კი ახალ-ახალ ფაქტებს უმატებს თავის ვერსიებს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩნდება კითხვა:  ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, თუ -  რაღაც ქურდული მანქანა სახელმწიფოს სახით, თავისი გარჩევებით, ფულის დაწერებით, ვიღაც შუამავლებით,  შეთავაზებებით?!  ამ სკანდალში სახელდებიან  უმაღლესი  რანგის თანამდებობის პირები და ამაში მონაწილეობენ უკვე ეკლესიის ასევე მაღალი თანამდებობის პირები. თემა ისეა გადახლართული, რომ აშკარად მაფიოზურ სურათს ვღებულობთ.

აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელი არაა, ვის სჭირდება ეს სკანდალი,  რა პოლიტიკური სარჩული აქვს. ერთი რამ აშკარად ჩანს,  ეკლესიას რეფორმა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური რეფორმაც აუცილებელია.  ვინც გეგმავდა, იმან იფიქროს, რა მოუტანა ქვეყანას ამ ხელების ფათურით საეკლესიო საკითხებში.  საზოგადოება ბრმა არაა. არც ასეთი ეკლესია სჭირდება ვინმეს და არც ასეთი ხელისუფლება, სადაც ადამიანი კი არაა მთავარი ღირებულება, არამედ მათი ფულადი ძალაუფლება.

- მეუფე იაკობის განცხადებით, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად  შედის ეკლესიის კონტროლი?

- ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ სადაც კი ხელი ჩაყო, სიტუაცია ყველგან აირია, არაფერი დალაგდა. ამ ისტორიაშიც ჩანს, რომ ხელისუფლების ინტერესებში იყო კონტროლი ეკლესიაზე, რამაც გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ. 

ჩვენთან კონსტიტუციითაა გარანტირებული, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.  თუ  ამ ქვეყანაში კონსტიტუცია რამეს ნიშნავს, მაშინ ასეთი ჩარევა კონსტუტციის დარღვევაა. როცა ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს საეკლესიო საქმიანობაში,  ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი მოშლილია და რაღაც ავტორიტარიზმზეა აგებული.  მე უფრო სხვა საფრთხესაც ვხედავ. უკვე რწმენის გაუფასურება ხდება. როცა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული სარწმუნოების, თუნდაც იერარქიული მოწყობა,  ეს დაუშვებელი ამბავია.

 _ ბატონ ვალერი, გაგახსენებთ  2011 წლის „ყინწვისის საქმეს“.  ეკლესიის კონტროლის მცდელობაში მაშინდელ იუსტიციის მინისტრს,  ზურაბ ადეიშვილს ადანაშაულებდნენ.  ყინწვისის საქმიდან ერთ  წელიწადში   პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან  წავიდა...  ყინწვისის საქმის შემდეგ  ეკლესიაში ასეთი დიდი სკანდალი, თუნდაც დეკანოზ მამალაძის საქმის სახითაც არ მიგვიღია. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ფაქტი? პარალელის გავლება შეგვიძლია ამ ორ საქმეს შორის?

- “ნაციონალების“ დროსაც საეკლესიო ცხოვრებაში ჩარევები იყო პატრიარქთან  მიმართებაშიც....  მაგალითად, მე პირადად ვარ 7 ნოემბრის აქციის მონაწილე.  მაშინ  ხელისუფლების მაღალჩინოსნები საპატრიარქოში მივიდნენ და პატრიარქზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ რამე განცხადება არ გაკეთებულიყო დარბეული აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად.

ასეთი ტიპის ზეწოლები იყო, მაგრამ იერარქიულ გადანაწილებაში მონაწილეობა არ ყოფილა. დღეს სულ სხვა სურათია. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ როგორც საერო, ასევე საეკლესიო ძალაუფლება მან უნდა აკონტროლოს ერთდროულად.  ვიღაცა ერთ ადამიანს აქვს ასეთი ხედვა, ამიტომაც  „გათიშე და იბატონეს“ პრინციპი შემოაქვს.

- ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

-  ვინც არის ორგანიზატორი, მას. ბიძინა ჰქვია თუ ვალერი, მნიშვნელობა არ აქვს. ორგანიზატორი ხომ ჰყავს ამ საქმეს?  ეკლესიისა და სახელისუფლებო ძალაუფლების გაკონტროლების მცდელობას  ადგილი ჰქონდა  ინგლისში,  ჰენრი მე-8 დროს.  თავდაპირველად მეფემ დაიმორჩილა როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლება. შემდეგ ამას მოჰყვა სეკულარული კანონების შემოღება და საბოლოო ჯამში, მიზანი ვერც მაშინ იქნა მიღწეული. საქართველოშიც არ გამოვა ერთი სკამიდან იმართებოდეს ორი ხელისუფლება. ამიტომ ორგანიზატორების მიზანი მიღწეული კი არ არის, არამედ უფრო არიეს სიტუაცია.

- როდესაც ეს სკანდალი ატყდა, პატრიარქის თანამოსაყდრე  შეერთებულ შტატებში  იმყოფებოდა და სერიოზულ შეხვედრებს მართავდა, მათ შორის, ტერიტორიულ  მთლიანობის საკითხებზეც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ სცენარში ურევია თუ არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი?

- ვიღაცას არ უნდოდა, სკანდალის დროს  მოსაყდრე აქ ყოფილიყო და მონაწილე გამხდარიყო ამ პროცესის.

- დავაკონკრეტებ, რუსეთისა და შტატების ხელი შეიძლება ერიოს ამ პროცესში?  პოსტივანიშვილისეული ეპოქისთვის მზადება ხომ არ მიდის?

- ტექნიკურად ორივე შესაძლებელია. ამერიკული და რუსული დაზვერვა რას აკეთებს აქ? მათთვის გავლენის სფეროს გასაკონტროლებლად ყველაზე მთავარი იარაღია რელიგიური ბერკეტები, რადგან პირდაპირ  მრევლთან აქვთ საქმე. მრევლის მხარდაჭერით პოლიტიკური შედეგის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე პირდაპირ პოლიტიკური პროპაგანდული მანქანის ამუშავებით. 

- უნდა აღიძრას თუ არა საქმე და დაიწყოს მოკვლევა მეუფის სკანდალურ  განცხადებაზე?

- სისხლის სამართლის კოდექსის მეათე მუხლში წერია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,  გამოძიების დაწყების საფუძველია. ამიტომ სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე, თუკი მეუფე იაკობის განცხადებაში  დანაშაულის რაიმე ნიშნები ჩანს, მაშინ დაუყოვნებლივ  უნდა დაეწყოთ გამოძიება. პატრიარქის შეცვლა დანაშაული არ არის, მაგრამ მისი ლიკვიდაცია დანაშაულია. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს სურათი რეაგირებაზე.  დეკანოზ მამალაძის საქმეზე ხომ იყო რეაგირება?  მაგალითად, მე ვფიქრობ, „ციანიდის საქმე“ ხელოვნურად არის შეკერილი და მასში ხელისუფლების ხელი ურევია.

- პატრიარქი არ გადადგა, მაგრამ საზოგადოებაში არ ჩნდებოდა, თბილისში არ იმყოფებოდა. თუმცა გუშინ სინოდის კრება მოიწვია.

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ მასზე ზეწოლა კვლავ გრძელდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28-ში ის გადადგომასაც აპირებდა. ..

- ეს ინფორმაციაც არ ვრცელდებოდა ტყუილად. ზეწოლის პროცესი მასზე მიმდინარეობდა...  თუმცა ის ძლიერი ადამიანია. პატრიარქს ძალიან ბევრი კრიზისი გადაუტანია.  მან  ძალიან კარგად იცის, მისი წასვლის შემდეგ  ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღარ იარსებებს, დაიშლება რაღაც  სეგმენტებად. ის  თანამდებობის შენარჩუნებაზე კი არა, ეკლესიის ერთიანობის, მთლიანობის შესანარჩუნებაზე ფიქრობს.

- რატომ დაიშლება?

- ეკლესიაში ფეოდალიზმია გაბატონებული და ეს პროცესი მარტივი არ გეგონოთ.