უვადო მოსამართლედ 40 წლის და ზევით ასაკის ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ - 37 წლის მოსამართლეობის კანდიდატი
უვადო მოსამართლედ 40 წლის  და ზევით ასაკის ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ - 37 წლის მოსამართლეობის კანდიდატი

A+ A-

17:55 21/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ იურიდიულ კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას დღეს განაცხადა, რომ უზენაესის მოსამართლის თანამდებობას 40 წლის ასაკის ზევით პირები უნდა იკავებდნენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ჯერ ამ ასაკს მიღწეული არ არის. ამასთან დაკავშირებით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ მიუთითა და აქვე დასძინა, ხომ არ მოდის საკუთარ შეხედულებასთან წინააღმდეგობაში იმით, რომ დღეს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად არის წარმოდგენილი, რადგან ის ჯერ 40 წლის არ არის.

გიორგი მშვენიერაძე: როგორც თავად აღნიშნეთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადამიანები 40 წლის შემდგომ უნდა იკავებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. მე კიდევ უფრო იქითაც შეიძლება ვთვლიდე იმიტომ, რომ გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, ამ ასაკს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასეთია თქვენი შეხედულება და დღეს არ ხართ 40 წლის. ხომ არ მოდიხართ წინააღმდეგობაში საკუთარ შეხედულებასთან იმით, რომ დღეს აქ ზიხართ?

ლევან მიქაბერიძე : ერთი შეხედვით შეიძლება წინააღმდეგობას ქმნიდეს ჩემს მიდგომასთან დაკავშირებით, მაგრამ მოცემულობა, რეგულაცია გვაქვს ამგვარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე თავს ამ კუთხით არ შევიზღუდავ. ამ პროცესის მონაწილე ვარ და კანონის მიხედვით მივიღე გადაწყვეტილება.