ძალიან ჭყინტი ხართ - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს
ძალიან ჭყინტი ხართ - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

A+ A-

14:53 21/10/2019

„ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეთ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ფიქრობს, რომ ლევან მიქაბერიძეს არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, უზენაესის მოსამართლე გახდეს.

“თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში. საბუთები მიგქონდათ-მოგქონდათ. გადაწყვეტილებები არ გაქვთ მიღებული. მერე ხდებით მოსამართლე და 3 წელიც არ არის გასული და უზენაესის მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ადამიანს შეიძლება ყველაფრის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ თქვენს შემთხვევაში, რადგან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში გაგიყვანათ, ვფიქრობ, ისეთი ადამიანები იყვნენ კონკურსანტები, რომლებსაც გამოცდილების, გადაწყვეტილებების თვალსაზრისით შეიძლება თქვენს თვალში უფრო კარგ, გამოცდილ იურისტებად აღიარებთ. რატომ არ გვჯერა ჩვენ ამ პროცესის, რატომ გვინდოდა, რომ მთავარი ფილტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ყოფილიყო და ყოფილიყო პარლამენტი. თქვენც, რა თქმა უნდა, გექნებოდათ საშუალება შემოგეტანათ საბუთები, მაგრამ შანსი ნაკლები გექნებოდათ. თქვენსა და ნუნუ კვანტალიანს შორის რომ იქნებოდა არჩევანი, რა თქმა უნდა, მარტო გამოცდილების და იმ გაბედული ნაბიჯების თვალსაზრისით, რაც ამ ქალბატონს აქვს, შეიძლება პარლამენტის წევრს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ეს იმის შანს არ გამორიცხავდა, რომ ვთქვათ 10-15 წლის შემდეგ გეცადათ თქვენი თავი ამ თანამდებობაზე. მაგალითად ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვით, რომ 20 წლის დაძველების კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი და მწვანე ხართ იმისთვის, რომ გახდენთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.