ბარსელონის აეროპორტში ბარსელონა-თბილისის ​გაუქმებული რეისის შვიდი მგზავრი რჩება
ბარსელონის აეროპორტში ბარსელონა-თბილისის ​გაუქმებული რეისის შვიდი მგზავრი რჩება

A+ A-

18:03 20/10/2019

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეების მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით.

„როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.