დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის საკითხზე შეთანხმებას უყრიან კენჭს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის საკითხზე შეთანხმებას უყრიან კენჭს

A+ A-

10:44 19/10/2019

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში დღეს ევროკავშირთან Brexit-ის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას უყრიან კენჭს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობისთვის, მანამდე ბრიტანელმა დეპუტატებმა სამჯერ ჩააგდეს შეთანხმების პროექტი, რომელზეც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ჯონსონის წინამორბედი ტერეზა მეი აწარმოებდა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებაში გაწერილ პირობებს დეპუტატმა მხარდაჭერის მოპოვების უფრო დიდი შანსი აქვს. მიუხედავად ამისა, ბორის ჯონსონს კონსერვატიული პარტიის ყველა წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატების და ოპოზიციის ნაწილის ხმები დასჭირდება.

17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.