“ტორპედო“ გაურკვეველი ვადით არსებობას წყვეტს
“ტორპედო“ გაურკვეველი ვადით არსებობას წყვეტს

A+ A-

16:36 09/10/2019

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს აცხადებენ. ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებასა და ვარჯიშის განახლებას მანამდე არ აპირებენ, სანამ კლუბში ინვესტორი არ გამოჩნდება. „3–4 თვეა ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა გადაგვერჩინა კლუბი, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის. ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია, ხუთი თვე რომ ხელფასი არ აგიღია, ერთი თვე რას უშველის? ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს. ეს არის ჩვენი მზიანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიციაც არის ის, რომ თუ გამოჩნდება ინვესტორი, მაშინ დაბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტიურად“, – განაცხადა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ.

შეგახსენებთ, “ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქუთათურთა ექს-დირექტორმა ზაალ ჩაჩავამ, კლუბის ფული კაზინოში გაანიავა.

როგორც "2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ჩაჩავამ 12 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა, რომლის ნაწილიც, მან ტოტალიზატორში წააგო, ნაწილით კი კანადაში უძრავი ქონება შეიძინა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ზაალ ჩაჩავამ კლუბი დატოვა და “ტორპედოში“ ფინანსური კრიზისი დატოვა.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი “ტორპედო“ კი დაიბრუნა, მაგრამ მერიასა და “ტორპედოს“ ყოფილი დირექტორის, ზაალ ჩაჩავას ურთიერთობის გარკვევა სასამართლოში მოუწევთ.

როგორც, “2020NEWS“-ს ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, სარჩელი მზადდება და ის რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება. “სარჩელი მზადდება ქუთაისის “ტორპედოს“ 100 პროცენტიანი მფლობელის, კომპანია “ინტერნეიშენალ ჰოკერ ჰაუსის“ წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ “ტორპედოს“ დაბრუნებას ყოველგვარი ვალის გარეშე. სარჩელი რამდენიმე დღეში სასამართლოში გაიგზავნება“, - განუცხადეს “2020NEWS“ ქუთაისის მერიაში. მიუხედავად იმისა, რომ “ტორპედო“ მერიამ დაიბრუნა, ფინანსური კრიზისი არ გამოსწორებულა და ფეხბურთელები ამ დრომდე ხელფასს ვერ იღებენ.