ლეგენდარული ფეხბურთელი ვიტალი დარასელია დღეს 62 წლის გახდებოდა
ლეგენდარული ფეხბურთელი ვიტალი დარასელია დღეს 62 წლის გახდებოდა

A+ A-

15:12 09/10/2019

“ჩემთვის დასრულდა ეპოქა, რომლის საძირკველი ვიტალი დარასელიას ფენომენი იყო”, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, ლეგენდარულ ფეხბურთელ ვიტალი დარასელიას, რომელმაც მართლაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს ლეგენდარულ ფეხბურთელს 62 წელი შეუსრულდებოდა.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. ვიტალი დარასელიას შვილი, ქრისტინა დარასელია მამას, „2020NEWS“ - თან  საუბარში ასე იხსენებს.

„როდესაც მამა გარდაიცვალა, ძალიან პატარა, 4 წლის ვიყავი და ფოტოები რომ არა, ალბათ მის სახეს ვერც გავიხსენებდი. სახლში თითქმის არ მოდიოდა, სულ შეკრებაზე ან თამაშებზე იყო. ამიტომ, ბევრი რამ არ მაქვს მოსაგონარი. დაკრძალვაც კი ბუნდოვნად მახსოვს. ყველაფერი გადმოცემით ვიცი. მისი ცხოვრებიდან ერთ ისტორიას მოგიყვებით: სკოლაში კარგად არ სწავლობდა, ხულიგანი ბიჭი იყო. ერთხელ მათი კლასი შატალოზე წასულა. ერთი მასწავლებელი არ მოსწონდათ და ერთ-ერთ მოსწავლეს დაფაზე დაუწერია, თუ არ შეგვიცვლით, სკოლაში არ დავბრუნდებითო. როდესაც უკითხავთ, ვინ დაწერაო, მხოლოდ მამა ამდგარა ფეხზე. მასწავლებელს უთქვამს – დაჯექი, შენ არ სწავლობ, რა გეშველება, როგორ ირჩენ თავსო. თურმე მამამ უპასუხა, ნუ ნერვიულობთ, ჩემი ფეხები მარჩენენო. მართლაც, პატარა ასაკის მიუხედავად, ოჯახს ის არჩენდა. ბაბუაჩემი ადრე გარდაიცვალა, ამიტომაც მამა ასაკთან შედარებით სერიოზული იყო, თუმცა სულ იღიმოდა. აფხაზი ფეხბურთელებიც იხსენებდნენ, როდესაც თბილისში ჩამოვედითო, “დინამოში” იმდენად უყვარდათ და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ეს ურთიერთობა ჩვენზეც გადმოდიოდა,“ – ასე იხსენებს ვიტალის ქალიშვილი, ქრისტინა დარასელია მამას.

ქართველი ლეგენდა მშობლიურ ოჩამჩირეშია დაკრძალული. გასულ წელს, ოჩამჩირეში მის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შემდეგ კი სოხუმში, სოხუმის “დინამოს” სტადიონზე აფხაზეთის ე.წ. ნაკრების და ოჩამჩირის ვეტერან ფეხბურთელებს შორის მატჩი გაიმართა. იმ შეხვედრაში უმცროსი ვიტალი დარასელიაც მონაწილეობდა.

„ოჩამჩირეში ვიტალი ძალიან უყვართ, ის იქ ფაქტობრივად გმირია, რომელმაც თავისი მხარე ასახელა. რა თქმა უნდა, მამაჩემის მიმართ სიყვარული ჩვენზე, შვილებზეც გადმოდის და ძალიან კარგად გვხვდებიან. ჩვენ აფხაზეთში გადასვლის პრობლემა არ გვაქვს. დედაჩემი, მარინა მამალაძე, ქართველია. იმ დროს კი ცხოვრობდა აფხაზეთში, მაგრამ ქმრის დაკრძალვის შემდეგ, იქ აღარ ყოფილა. ახლა თბილისშია. ოჩამჩირეში მამაჩემის დედა, მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილები ცხოვრობენ.“, – განაცხადა ქრისტინა დარასელიამ.

ვიტალი დარასელიამ თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი „დინამოში“ გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

1982 წლის 13 დეკემბერს რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად, ვიტალი დარასელია 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.