გახმაურებული და სკანდალური სექსუალური შევიწროვების საქმეები
გახმაურებული და სკანდალური სექსუალური შევიწროვების საქმეები

A+ A-

14:30 09/10/2019

საქართველოში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროვება რომ მწვავე პრობლემაა, ამის შესახებ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ.

გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროვება ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია.

დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი საჯარო სივრცეში გახდა, ხოლო 10 % - სამუშაო ადგილზე. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მსხვერპლს ხმის ამოღების ან ეშინოდა, ან სხვა მიზეზების გამო ჩუმდებოდნენ. გაჩუმების ერთ-ერთი მიზეზი, ის იყო, რომ ქვეყანაში არ არსებობდა კანონი, რომელითაც დაზარალებულებს დაიცავდნენ.

ამის მიუხედავად, 2016 წელს, ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ასევე ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მასზე სექსუალურ შევიწროვებას ახორციელებდა.

ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგაც, იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში", - განაცხადა იმ დროს თათია სამხარაძემ.

მართლაც, სამხარაძემ რამიშვილს სასამართლოში უჩივლა და საქმე ორ ინსტანციაში მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის იანვარში, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის სახით, სამხარაძისთვის 2 ათასი ლარის გადახდა დაავალა.

კიდევ ერთი გახმაურებული სექსუალური შევიწროვების ფაქტი გახმაურდა მიმდინარე წლის ზაფხულში, მძლეოსნიობის ევროპის ჩემპიონატის დროს. ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სექსუალურ შევიწროვებაში მწვრთნელი დაადანაშაულა. ლორთქიფანიძემ საჯაროდ აღწერა, თუ რას ითხოვდა მწვრთნელი მისგან.

"რუსთავის შეკრებაზე იყო შემთხვევა, რომ ოთახში ვისვენებდი, თემურ ჯანჯღავა შემოვიდა და დაინტერესდა თუ ვიყავი ორსულად. ჩემგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მოგვიანებით, საღამოს საათებში, მითხრა მაზს წაგისვამ საზარდულის არეშიო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის", - იხსენებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი, რომელმაც მისი თქმით, ნათქვამი ცინიკურად მიიღო.

"არ მეგონა, ასე ცინიკურად თუ მიიღებდა. ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა ჩემს მიმართ ჯანჯღავას მხრიდან-მეთქი და მითხრა, მერე რაო. მერე უკვე ზედმეტი იყო მასთან დიალოგის გაგრძელება. ფედერაციაში გიორგი ასანიძესაც (ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) რომ ვესაუბრე, რატომ ლაპარაკობო. იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ ჩემი თავი დამეცვა“, - ამბობს თათია ლორთქიფანიძე.

კიდევ, ერთი გახმაურებული ამბავი ბათუმში მოხდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, ლექტორი სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა.

„თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი.

მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის - ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”.

ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, - განაცხადა თამთა სურმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ლექტორი რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროვებაში ბრალს სდებდა, ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან“. თუმცა, მომხდარ ფაქტს ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

ამის მიუხედავად, მას ლექტორის უფლებაც შეუჩერეს და საკრებულოს მანდატიც ჩამოართვეს. და ბოლო ფაქტი, რომელსაც საზოგადოება დღესაც განიხილავს - თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან, მის თანაშემწეზე თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე.

თოდაძემ საჯაროდ ტელევიზიის საშუალებით განაცხადა, როგორ ახორციელებდა მასზე ჯიშკარიანი სექსუალურ შევიწროვებას. თოდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მან ნასვამ უფროსს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი განუცხადა, ჯიშკარიანი გაბრაზდა და კაბინეტში ყველაფერი დალეწა.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. მას ბრალდება საავადმყოფოში გააცნეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მოთავსებულია.

ცნობისთვის, სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პარლამენტის 102-მა დეპუტატმა დაუჭირა. სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში განისაზღვრა და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს.

ცვლილების მიხედვით, კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება: "სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს". - წერია ახალ კოდექსში.