“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა
“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

A+ A-

11:43 09/10/2019

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, მოხდა უბედური შემთვევა, რასაც მოჰყვა ერთი დასაქმებულის გარდაცვალება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება. გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა“, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 41 წლის მამაკაცი დაიღუპა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.