“ევროპული საქართველო“ და “თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით წარსდგებიან
“ევროპული საქართველო“ და “თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით წარსდგებიან

A+ A-

14:54 08/10/2019

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით წარსდგებიან. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ „2020NEWS”-ს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება უაზრო განზრახვაა.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს ბლოკი, რომლითაც ჩვენ წარვსდექით საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში, სადაც ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი იყო შალვა შავგულიძე. ჩვენ და „თავისუფალი დემოკრატები“ განვაგრძობთ პარტნიორობას. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკები აკრძალული იქნება ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, რომ მაინც საერთო სიით წარვსგდეთ ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ ერთიანი სიით წარვსდგებით. არსებობს ამ შეზრუდვისთვის მარტივად გვერდის ავლის საშუალება. ამიტომაც არის უაზრო ხელისუფლების განზრახვა, რომ შეზრუდოს პარტიები და ჩაერიოს როგორ წარდგნენ პარტიები ამომრჩევლის წინაშე. ვინ ეკითხება ხლეისუფლებას, სხვადასხვა პარტიები როგორ გადაწყვეტენ ამომრჩევლის წინაშე პოზიციონირებას, რატომ ზღუდავს, თან მითუმეტეს 2012 წელს ამ კოალიციით და ბლოკით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგრამ, საბოლოო ჯამში პოლიტიკური პარტიები ისე იმოქმედებენ, როგორც ჩათვლიან საჭიროდ“, - აცხადებს ოთო კახიძე სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად უქმდება საარჩევნო ბლოკები. ოპოზიცია ხელისუფლებას საკუთარ ვერსიას სთავაზობს, რომ დაშვებული იყოს ბლოკები, თუმცა მასზე 3%-იანი ბარიერი იყოს დადგენილი. თუმცა, ოპოზიციის ამ შეთავაზებას „ქართული ოცნება“ არ თანხმდება.