2018 დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 068.3 ლარი იყო - საქსტატი
2018 დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 068.3 ლარი იყო - საქსტატი

A+ A-

13:48 08/10/2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 068.3 ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელზე 6.9%-ით მეტია.

საქსტატის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა „ყველა სექტორში შეინიშნებოდა“ და საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი); მშენებლობის სექტორში - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი) ამავე ანგარიშის თანახმად, სხვაობა ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის - ანუ ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი - 2018 წელს 458 ლარი იყო.

კერძოდ, შარშან ქალების საშუალო ხელფასად 822.6 ლარი სახელდება, ხოლო კაცებისად - 1280.7 ლარი. სტატისტიკის სამსახურის თანახმადვე, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.

„ამასთან, 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს“, - წერია ანგარიშში.

საქსტატის განცხადებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და შემდეგ აჭარა. თბილისში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგნს - 1286.4 ლარს ხოლო აჭარაში 866.6 ლარს.

აღსანიშანავია, რომ რიცხვი, რასაც საქსტატი დაქირავებით დასაქმებულების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად ასახელებს, გამოანგარიშებულია ფორმალურ სექტორში სხვადასხვა საწარმოს საერთო სახელფასო ფონდის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან.

ეს მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სექტორს მოიცავს და საშუალო არითმეტიკული მეთოდითაა გამოანგარიშებული, ვერ აღწერს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის სახელფასო სხვაობას.

ცნობისთვის, საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს.

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.