დავით მუმლაძის ლიკვიდაცია ესპანეთში დაიგეგმა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
დავით მუმლაძის ლიკვიდაცია ესპანეთში დაიგეგმა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

A+ A-

16:36 07/10/2019

35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე, რომლის ცხედარი რუსთავში მტკვარმა გამორიყა, 5 პირია დაკავებული, რომელთა შორის 2 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელია. განზრახ მკვლელობას 37 წლის მამაკაცს ედავებიან, რომელმაც, სავარაუდოდ, მუმლაძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში გადააგდო. დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი გიორგი გეთაშვილიც, რომელიც 2 დღის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა, საბოლოოდ კი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დავით მუმლაძის ლიკვიდაცია ესპანეთში დაიგეგმა.

როგორც "კურიერს" წყარომ აცნობა, დაკავებული პოლიციელები ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ და დავით მუმლაძის ლიკვიდაციის დაკვეთა მიიღეს. წყარო მომხდარის სავარაუდო მოტივს ასახელებს - ეს "ქურდული ობშიაკია", რომელიც დავით მუმლაძემ მიითვისა.

"კურიერის" ინფორმაციით, მუმლაძე მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებული იყო და იარაღით დადიოდა.

"კურიერისვე" ინფორმაციით, პოლიციელებმა საქმეში 12 000 ლარი აიღეს. გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულ პოლიციელებს ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. "დაახლოებით 27 საათი თურმე მოხალისე ყოფილა და პოლიციის შენობაში გაუთენებია ისე, რომ თავისი ნება სურვილით, რაც აბსურდია და არ შეესაბამება რეალობას. ჩვენზე მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამის საფუძველზე მიიღეს ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ პოლიციელებს გადავეცით გარდაცვლილი, ეს ინფორმაცია მიიღეს მოტყუებით და ა.შ და ა.შ ეს იდეაშივე არ არის მყარი და ჯანსაღი ინფორმაცია და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ მიგვეწოდებინა, იმიტომ, რომ ამ პოლიციელებს არ ვიცნობთ,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.