რა აკავშირებს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს ნიკა მელიასთან?
რა აკავშირებს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს ნიკა მელიასთან?

A+ A-

15:33 24/09/2019

დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მერაბ გაბინაშვილმა 2019 წლის 2 ივლისს, სააპელაციო წესით განიხილა დავა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა. მისი გადაწყვეტილებით, დეპუტატ მელიას აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოების ინფორმირების გარეშე.

მოსამართლე გაბინაშვილის მიმართ არ ფიქსირდება ეთიკის ნორმების დარღვევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი.

ამ პერიოდში 7 მოსამართლე უკონკურსოდ დაწინაურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.

ასევე, მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ გაბინაშვილის სკანდალური ან გახმაურებული საქმეები არ უკავშირდება. 2019 წლიდან იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე ის სხვადასხვა დროს მუშაობდა შსს-ში, ფინანსთა სამინისტროში.

2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2017 წელს, მოსამართლე გაბინაშვილი, უვადოდ გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ და დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ. 2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და კოლეგიის თავმჯდომარე. 2006-2012 წლებში, კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი, სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა სხვადასხვა სასამართლოში, მათ შორის, გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2005-2006 წლებში, იგი იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, 1995-2005 წლებში კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, 1990-1992 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა.

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას - მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს გაბინაშვილმა 90 000 დოლარად დუშეთში შეიძინა 95,21 კვ.მ სარდაფი, 102,33 კვ.მ სხვენი, საცხოვრებელი სახლი რომელიც ჯამში, 258,12კვ.მ შეადგენს და 801 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გაბინაშვილის მფლობელობაშია ასევე, 130 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც მან 2011 წელს 75 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის მიხედვით, 2012-2018 წლებში მერაბ გაბინაშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოსამართლო საქმიანობის სანაცვლოდ, ჯამაგირის სახით, 570 379 ლარი აქვს მიღებული. მისი ყოველწლიური საშუალო შემოსავალი 81 ათასი ლარი იყო, თუმცა 2015 წელს ყველაზე მაღალი ანაზღაურება უფიქსირდება და მიღებული თანხა 95 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მერაბ გაბინაშვილმა 2017 წელს 60 000 დოლარი სესხი აიღო და დუშეთში სახლის შეძენას მოახმარა. გაბინაშვილი, დეკლარაციის შევსების მომენტში, მიმდინარე წლის 28 მაისს ფლობდა 5929 ლარს, თიბისი ბანკის სამ სხვადასხვა ანგარიშზე, მისი ყოველთვიური გასავალი კი 319,48 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2009-2015 წლის მდგომარეობით, მერაბ გაბინაშვილის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი კასპში, საერთო ფართობით 2100 კვ.მ. თუმცა, შემდგომ დეკლარაციებში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარი დასაბუთებისა და კონკრეტული მონაცემების გარეშე იკარგება. მისივე დეკლარაციით ირკვევა, რომ გაბინაშვილის მეუღლის, ეკა მელქაძის საკუთრებაშია ავტომობილი "ნისანი“, რომელიც 2018 წელს 7,000 დოლარად შეიძინა.

მელქაძე შპს "სილქნეთშია“ დასაქმებული და 2018 წლის მდგომარეობით, მისი ყოველწლიური ანაზღაურება 12 000 ლარს შეადგენს. სხვა მონაცემები, მეუღლის ან სხვა რომელიმე ოჯახის წევრის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, გაბინაშვილის დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მოსამართლე გაბინაშვილი არ იყენებს სოციალურ ქსელებს. მას არ აქვს როგორც პერსონალური პროფილი, ისე ოფიციალური გვერდი.