დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია - ლია მუხაშავრია
დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია - ლია მუხაშავრია

A+ A-

12:14 20/09/2019

“ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვს. ახლა მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ  იმაზე ფიქრობს, რომ ყურმოჭრილი მონები იპოვოს. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ყურმოჭრილი მონის როლს ძალიან კარგად შეასრულებს“,- ამის შესახებ იურისტმა ლია მუხაშავრიამ “2020NEWS“ -თან განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ,  რომ მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავება კვლავ ირაკლი შოთაძეს სურს.  

მუხაშავრია საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია“.

-ქალბატონო ლია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი პროკურორის  სავარძლის დასაკავებლად ყოფილი მთავარი მბრალდებელი ირაკლი შოთაძე ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ემზადება. თავად როგორ შეაფასებდით  ამ პირებიდან ერთ-ერთის მიერ აღნიშნული საპასუხისმგებლო თანამდებობის შესაძლო დაკავებას?

-ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან იმიტომ გადადგა, რომ საკუთარ მოვალეობას ხეირიანად ვერ ასრულებდა. სამი წლის შემდეგ რამე შეიცვლებოდა?! ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ვისურვებ, რომ ეს ადამიანი მთავარი პროკურორი გახდეს.  კახიშვილი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და კვალიფიციური იურისტია,  ნამდვილად ეცდება პროკურატურაში რეფორის გატარებას და იმ მანკიერი სისტემის გარდაქმნას, რომელიც ამ სისტემაში დიდი ხანია არსებობს.

-“ქართულ ოცნებას“ თანამდებობიდან სკანდალურად წასული ირაკლი შოთაძის უკან დაბრუნება რა მიზნით, შესაძლოა, სურდეს?

-“ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვს. ახლა მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობს იმაზე, რომ ყურმოჭრილი მონები იპოვოს. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ყურმოჭრილი მონის როლს ძალიან კარგად შეასრულებს. ხელისუფლებას, რომელიც გაუმჭვირვალედ მუშაობს და საზოგადოებას ანგარიშს არ აბარებს, ემართება ის, რაც თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას“ დაემართა.

-გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება გენერალურ პროკუროს, შალვა თადუმაძეს სურს. თადუმაძის მიერ თანამდებობის ხშირი ცვლა საზოგადოების მიმართ მის ანგარიშვალდებულობაზე მეტყველებს?

-მთავარი პროკურორი ასე მალე თანამდებობიდან არ უნდა მიდიოდეს. პროკურატურა ძალიან სერიოზული ინსტიტუციაა, რომლის სათავეში მყოფი პროკურორი სისტემის გაჯანსაღებაზე უნდა ფიქრობდეს და არა თანამდებობიდან გაქცევაზე. დიდი ალბათობით, ირაკლი შოთაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა  სურს, რადგან ეს თანამდებობა მისთვის ძალიან დიდ პრივილეგიას წარმოადგენს.

-საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებთაც მინდა გკითხოთ. სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი მკვლელი და ერთი ძებნილი შეიწყალა. პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებებში გამოძიების დაწყების მოტივი იკვეთება?

-დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი კორუფციული სქემის სათავეშია. მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ზურაბიშვილი ამ დანაშაულებრივ საქმეში. სალომე ზურაბიშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ძირს უთხის პრეზიდენტის ინსტიტუციას. ზურაბიშვილის შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

-კონკრეტულად  რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სალომე ზურაბიშვილი “კორუციული სქემის სათავეშია“?

-ვიცი, რომ პრეზიდენტის შეწყალებების უკან კორუფციული სქემები არსებობს. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია შეწყალების აქტზე, აღნიშნულს ის აწერს ხელს. ზურაბიშვილს ვინ შეუტანა ეს სია, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სალომე ზურაბიშილს კარგად საკუთარი აპარატის დაკომპლექტებაც არ შეუძლია, რაც დიდი უპასუხისმგებლობაა. მკვლელების ასე შეწყალება არ შეიძლება. ადამიანი, შესაძლოა, გათავისუფლებას იმსახურებდეს, მაგრამ როცა პრეზიდენტი მკვლელებს ზედიზედ იწყალებს, სხვა გარემოება, გარდა კორუფციულისა, გამორიცხულია.  

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე