არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

A+ A-

11:39 20/09/2019

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარე კი სასამართლოს შესთავაზებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებულ არ იქნას აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. თუმცა, დაკავებულის უფლებადამცველი აქვე განმარტავს, რომ დაცვის მხარე მზად არის, პროცესზე ალტერნატივად დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით.

„დღეს გაიმართება ბრალდებულის სასამართლოში წარდგენის პირველი სხდომა, სადაც განიხილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, ჯერ შუამდგომლობას არ გავცნობივარ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ჩვენ გვექნება პოზიცია, რომ მის მიმართ გამოყენებულ არ იქნას აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. თუმცა, ალტერნატივის სახით სასამართლოს შევთავაზებთ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს გირაო“, – განაცხადა ნინო ტაბატაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ საღამოს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ ადამიანს პატიმრობა მანამდე შეეფარდა.