9 საათიან “კურიერს“ ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ
 9 საათიან “კურიერს“ ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ

A+ A-

10:56 20/09/2019

“რუსთავი 2“-ზე  9 საათიან “კურიერს“ ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ. ამ დრომდე გავრცელებულ ინფორმაციას არც ნინო შუბლაძე და არც ირაკლი იმნაიშვილი არ ადასტურებენ. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ “2020NEWS“ განუცხადა, “რუსთავი2“-დან შეიტყობს მაყურებელი, ტელევიზიის ყველა სიახლეს.

“ჩვენც მედია საშუალება ვართ და ხომ შეგვიძლია, რომ დავიტოვოთ ექსკლუზივი ჩვენთვის? ყველა გადაცემას მაყურებელი, ჩვენი ეთერიდან ნახავს“, - განუცხადა სააგენტოს პაატა სალიამ.

“2020NEWS“ შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ნინო შუბლაძესთან, მაგრამ ის ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, გუშინ სააგენტოს პაატა სალიამ განუცხადა, რომ “რუსთავი 2“ განახლებული ბადით 23 სექტემბერს გავა ეთერში. ასევე “2020NEWS“-თვის, ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციოს წამყვანები იქნებიან თამარ ურუშაძე და ანუკი ქინქლაძე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტებიც უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი. ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. მან აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-თან საუბარში დაადასტურა. “გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2“-ში ვბრუნდები. გუნდს შევუერთდები და რეპორტიორი ვიქნები“, - განუცხადა მღებრიშვილმა “2020NEWS“-ს.

აღნიშნული კითხვით, სააგენტომ დავით კაკულიასაც მიმართა, რომელიც ამჟამად ქეთევან ციხელაშვილის სამინისტროშია დასაქმებული, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და მიზეზად შვებულება დაასახელა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი. მათი გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა.