“რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს“
“რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს“

A+ A-

14:16 22/08/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურანავამ განაცხადა,  „რაინეართან“  ხელშეკრულების დადების შემდეგ 2019-2020 წლებში ფრენები 12 ახალი მიმართულებით დაიწყება. 

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი „რაინეართან“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჯამში, 2019-2020 წელს ფრენები 12 ახალი პირდაპირი მიმართულებით დაიწყება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. აქედან პირველადი შეთანხმებაა სამი ახალი მიმართულებით, ეს არის მილანი, მარსელი, ბოლონია.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის პროცესში ჩვენი თხოვნა იყო, რომ დაეჩქარებინათ კიოლნის მიმართულებაზე გადაწყვეტილების მიღება და დღეს მოისმინეთ, რომ სავარაუდოდ თბილისის აეროპორტიდან, მომავალ წელს კიოლნის მიმართულება ემატება. ფრენები მომავალ წელს იქნება, თუმცა ბილეთების გაყიდვა წლის ბოლოდან დაიწყება. დამატებით 9 მიმართულებაზე შევთანხმდებით და იქნება დაანონსებული. ჩვენი პრიორიტეტი მომავალი 9 მიმართულებისთვის არის ის, რომ ეს იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან აეროპორტები, რომელშიც აქამდე ფრენები არ იყო“,-აცხადებს თურნავა.

ნათია თურნავას განცხადებით, „რაინეარი“ მსოფლიოში ნომერ პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლის ბილეთის საშუალო ფასი ერთ მიმართულებაზე გასულ წელს 37 ევრო იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება გარდა იმისა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ევროპის ქალაქებში ხელმისაწვდომ ფასად იფრინონ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საქართველომ ტურისტების გაზრდილი ნაკადი მიიღოს.

„უფრო მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი, ტურისტი, პენსიონერი შეძლებს, რომ იფრინოს ევროპის მიმართულებით და ბევრი ახალი ქალაქი მოინახულოს ევროპაში, ასევე კიდევ უფრო მეტად ველოდებით, რომ იქნება ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლა. თავისი დაბალბიუჯეტიანობის გამო, „რაინეარი“ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი ტურისტების სამყაროში. შესაბამისად, ისინი ჩამოიყვანენ საკმაოდ ბევრ ევროპელ ვიზიტორს. ამ მხრივ ჩვენ ორ ამოცანას გადავწყვეტთ: შევთავაზებთ ჩვენ მოქალაქეებს ფრენებს ახალი მიმართულებით თბილისიდან და ქუთაისიდან ყველაზე დაბალ ფასებად. განვავითარებთ ტურისტულ ინდუსტრიას და ახალ ტურისტულ ნაკადებს მოვიზიდავთ“,-აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, „რინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ევროპაში სამი მიმართულებით: მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს. 

ნოემბრიდან თბილისიდან ფრენები მილანის მიმართულებით განხორციელდება, ხოლო ქუთაისიდან - მარსელსა და ბოლონიაში.