ეს ხელისუფლება სასამართლოს გადაყვება - დავით ჯანდიერი
ეს ხელისუფლება სასამართლოს გადაყვება - დავით ჯანდიერი

A+ A-

18:39 16/04/2019

ეს ხელისუფლება სასამართლოს გადაყვება, - ამის შესახებ იურისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.   “მოკლედ ეს ხელისუფლება სასამართლოს გადაყვება. ვენეციის კომისიის დასკვნა არის აქამდე არნახული სილის გაწვნა ხელისუფლებისთვის. ამ დასკვნის გაუზიარებლობას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები ექნება პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის, ვიდრე მას დღეს წარმოუდგენია. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ვენეციის კომისია საჭიროდ თვლის აღნიშნოს დასკვნაში, რომ კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით. ამის მიუხედავად მას აქვს ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. ეს ნიშნავს ამ საბჭოს მიერ შერჩეული/შესარჩევი კანდიდატების მიმართ უნდობლობას რაც არ უნდა იქნას რეკომენდაციები გაზიარებული. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კონტექსტში, ვენეციის კომისიის დელეგაცია ინფორმირებული იყო თბილისში შეხვედრების დროს იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობს საკმაოდ დაბალი ნდობით საზოგადოების დიდ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს, ადგილი აქვს თუ არა ნდობის ნაკლოვანებას, იმის გათვალისწინებით, - რომ ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოლა, რომელსაც არა აქვს სრული საზოგადოებრივი და პოლიტიკური უმრავლესობის ნდობა, -არჩევნებს შორის, უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლეთა სიცოცხლის ვადით დანიშვნას, = შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოების მაღალ ნდობას, რომელიც [ნდობა] უნდა ჰქონდეს ისეთ ინსტიტუციას, როგორიც არის უზენაესი სასამართლო ნებისმიერ ქვეყანაში. რაც შეეხება კანონპროექტს, მარტივად რომ ვთქვათ გადასაგდებია. შეფასებისას, ვენეციის კომისიის მიერ ხაზგასმული პრობლემური საკითხები: 1. უნდა მოხდეს მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეთა არჩევა, რაც „აბსოლუტურად აუცილებელია“ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება; 2. არა-მოსამართლე კანდიდატების მიმართ არსებული დამატებითი მოთხოვნები („მაღალი კვალიფიკაციის სამართლის სპეციალისტი“, ასვეე გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა) არ უნდა არსებობდეს; 3. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა უნდა დასაბუთდეს, შესაბამისად შერჩევა უნდა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გაუქმდეს ფარული კენჭისყრა; 4. კანდიდატებს, რომელთაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრა უარი, უნდა ჰქონდეთ გასაჩივრების შესაძლებლობა; 5. იუსტიციის უმღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებზე „ინფორმაციის მოძიების სისტემა“ შეიცავს თვითნეობის რისკს; 6. არის ჩიხური სიტუაციის შექმნის საშიშროება, ვინაიდან შეიქმნება სიტუაციები, რომელშიც კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ საკმარის რაოდენობას ხმების მეორე ტურში ყოფნის, ვერ მიიღებენ ხმების 2/3-ს; 7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის მოსამართლეობის კანდიდატი, არ უნდა იღებდეს მონაწილეობას შერჩევის არც ერთ ეტაპზე პროცედურაში, ასევე არც ნათესავებთან და ახლობლებთან მიმართებაში; 8. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით არჩევა არის დიდი და უნდა გადაიხედოს; 9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გასვლამდე, რათა უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეებით; 10. გარკვეული საბაზისო პრობლემები, რაც დამახასიათებელია პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევის სისტემისთვის, უნდა აღმოიფხვრას; 11. უზრუნველყოფილი უნდა იქნას, რომ „ინტერესთა შეუთავსებობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი და კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ არ ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს; 12. უფრო მაღალი ასაკობრივი მოთხოვნა და კანდიდატის გამოცდილებას, დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე უნდა იქნას განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებში“ , - წერს ჯანდიერი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვენეციის კომისიის დასკვნა გასაჯაროვდა.